|
თანამედროვე პრინციპები, რომლებსაც სალექსიკონო სიტყვა-სტატიაში მნიშვნელობათა თანამიმდევრობის განსაზღვრა და ზოგადად სიტყვანი ს შერჩევა ეფუძნება
როგორც ჩვენ მკითხველთათვის ცნობილია, ჩვენი ლექსიკონის სარედაქციო ჯგუფი დიდი ინტერესითა და ყურადღებით ეცნობა ლექსიკონით მოსარგებლეთა გამოხმაურებებსა და წინადადებებს, რომელთაც ჩვენ ინტერნეტის მეშვეობით პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში ვღებულობთ.
ამას წინათ ლექსიკონის ერთ-ერთი აქტიური მომხმარებლისაგან, რომელიც ხშირად გვიგზავნის ხოლმე თავის რეკომენდაციებს ლექსიკონის ამა თუ იმ სიტყვით, ტერმინით თუ გამოთქმით შევსების თაობაზე, მივიღეთ წერილი, რომელშიც იგი სიტყვა-სტატია facility-ში ერთი მნიშვნელობის ჩამატებას გვთავაზობდა. ავტორი სრულიად სამართლიანად აღნიშნავდა, რომ ჩვენს ლექსიკონში არ იყო ამ სიტყვის დღეისათვის საკმაოდ აქტუალური და ხშირად ხმარებული მნიშვნელობა – «ნაგებობა, ობიექტი; ტერიტორია; სათავსო» და სხვ.
ამ სიტყვა-სტატიის განახლება და შევსება ისედაც გვსურდა და ჩვენი მკითხველის წერილმა საბოლოოდ გადაგვაწყვეტინა ამის გაკეთება.
რამდენიმე დღის დაძაბული შრომის შემდეგ, რაც მოიცავდა მოსამზადებელ სამუშაოებს, მასალის შეკრებას, ანალიზს და სიტყვა-სტატიის ახლებური სტრუქტურის მონახაზის დადგენას, ჩვენ აღნიშნული სიტყვა-სტატია საფუძვლიანად გადავაკეთეთ და მისი განახლებული ვერსიის ნახვა მკითხველს უკვე შეუძლია ინტერნეტში.
შედარებისთვის, ამ პოსტის ბოლოს გთავაზობთ ამავე სიტყვა-სტატიის ძველ ვარიანტს, რომელიც ინტერნეტში 13 იანვრის საღამომდე იდო და რომელიც აგრეთვე შესულია და შეიძლება ინახოს ჩვენი ლექსიკონის ბეჭდური ვერსიის მე-6 ტომში (ასო F), რომელიც 1997 წელს გამოიცა.
ბლოგზე ამ პოსტის დადება კი იმ გარემოებამ გადაგვაწყვეტინა, რომ სიტყვა სტატია facility-ს „მოდერნიზებაზე“ მუშაობისას კარგად გამოიკვეთა ის პრინციპები, რომლებითაც დღეს ლექსიკოგრაფებმა უნდა იხელმძღვანელონ სალექსიკონო სიტყვა-სტატიებში მნიშვნელობათა თანამიმდევრობისა და საერთოდ ლექსიკონის სიტყვანის განსაზღვრის დროს.
სწორედ თანამედროვე პირობებში ლექსიკოგრაფიული მუშაობის სპეციფიკის შესახებ გვინდოდა კიდევ ერთხელ გვესაუბრა ჩვენი ლექსიკონით მოსარგებლეებთან.
საქმე ის გახლავთ, რომ სიტყვა-სტატიის ძველი ვარიანტი, თავისი მნიშვნელობებითა და მათი განლაგების თანამიმდევრობით, იმ ენობრივ-ლექსიკურ რეალობას ეყრდნობოდა, რომელიც ასახულია მაგალითად დიდი ოქსფორდის, დიდი ვებსტერისა და კოლიჯიეტ ვებსტერის (Webster’s New Collegiate Dictionary) განმარტებით ლექსიკონებში, ი. გალპერინის «დიდ ინგლისურ-რუსულ ლექსიკონში» და სხვ.
თანამედროვე რეალობისთვის ამ სიტყვა-სტატიის მისასადაგებლად მოგვიხდა არა მარტო მნიშვნელობის «ნაგებობა, ობიექტი» და სხვ. (ამერიკულ განმარტებით – დიდი ვებსტერისა და კოლიჯიეტ ვებსტერის – ლექსიკონებში ეს მნიშვნელობა სიტყვა-სტატიის სულ ბოლოს არის მოყვანილი) ჩამატება, არამედ მთელი სიტყვა-სტატიის სტრუქტურის მთლიანად შეცვლა და მნიშვნელობების სრულიად ახლებურად განლაგებაც. აღარაფერს ვამბობთ სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც მოიცავს საილუსტრაციო მაგალითების განახლებას, სემანტიკური თვალსაზრისით მათს უფრო მიზანშეწონილ განთავსებას და სხვ.
სიტყვა-სტატია facility-ს მნიშვნელობათა ახლებურად განლაგებისას ვიხელმძღვანელეთ თანამედროვე ინგლისური ენის ლექსიკის სიხშირული (სტატისტიკური) ანალიზის მონაცემებით, რომლებიც უახლეს ინგლისურ განმარტებით ლექსიკონებშია ასახული.
ენის სიხშირული ანალიზის წარმოებისას, როგორც ბევრისთვის ალბათ ცნობილია, თანამედროვე ლექსიკოგრაფები ენის ციფრულ-ელექტრონული კორპუსების კომპიუტერულ დამუშავებას ეყრდნობიან. ამგვარი დამუშავება-ანალიზისას კარგად იკვეთება სიტყვათა ის მნიშვნელობები, რომლებიც დღეისათვის უფრო აქტუალურია და უფრო ხშირად იხმარება.
სწორედ ამგვარი მონაცემების საფუძველზე განვსაზღვრეთ ამ სიტყვა-სტატიის მნიშვნელობათა ახლებური თანამიმდევრობა.
ამ პრინციპების გათვალისწინებითაა შექმნილი სიტყვა-სტატიები P-დან Z-ის ჩათვლით და ამავე პრინციპებითაა გადამუშავებული ბევრი სიტყვა-სტატია უკვე გამოცემული ტომების ონლაინ-ვერსიაში.
ასევე გაგრძელდება ჩვენი ლექსიკონის მუდმივი შევსება და განახლება მომავალშიც და ამ მუშაობის პროცესში ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ლექსიკონით მოსარგებლენი კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენთან და მოგვაწვდიან თავიანთ მოსაზრებებს, სურვილებსა და კონსტრუქციულ რეკომენდაციებს, რომელთაც ჩვენ, როგორც ყოველთვის, ყურადღებით გავეცნობით, შევისწავლით და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ.
დაბოლოს, როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, შესადარებლად მოგყვავს სიტყვა-სტატია facility-ს ძველი ვარიანტი, რომელიც შეგიძლიათ ჩვენს ონლაინ-ლექსიკონში არსებულ მისსავე განახლებულ ვერსიას შეადაროთ.
facility
1. სიადვილე, სიიოლე; the facility of the task დავალების სიადვილე / სიიოლე;
2. 1) ნიჭი, უნარი; to have great facility in learning languages ენების შესწავლის დიდი ნიჭის / უნარის ქონა;
2) სიმსუბუქე, ბუნებრიობა, ძალდაუტანებლობა (სტილისა, მეტყველებისა და ა.შ.); to speak with facility თავისუფლად / გამართულად ლაპარაკი;
3. სიმარჯვე, დახელოვნებულობა, ოსტატობა; he showed marvellous facility in playing difficult music არაჩვეულებრივი ოსტატობით შეასრულა რთული მუსიკალური ნაწარმოები; practice gives a wonderful facility ვარჯიშით დიდი ოსტატობის მიღწევა შეიძლება;
4. დამყოლობა, ხათრიანობა; it’s a great error to take facility for good nature დიდი შეცდომაა ხათრიანობის გულკეთილობად მიჩნევა;
5. 1) მოძვ. ადვილად მისაწვდომობა;
2) ტექ. : facility of access მისადგომობა / მისაწვდომობა (დასათვალიერებლად და ა.შ.);
6. ჩვეულ. pl 1) საშუალებები; good transportation facilities კარგი სატრანსპორტო საშუალებები;
2) შესაძლებლობები; ხელსაყრელი / ხელშემწყობი პირობები / გარემოებები; შეღავათები; my way of life offers no facilities for study ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სამეცადინოდ კარგი პირობები არა მაქვს; they are not given the facilities you have მათ თქვენნაირ შეღავათებს არ აძლევენ; facilities for research სათანადო პირობები სამეცნიერო კვლევისათვის;
7. pl მოწყობილობა; აღჭურვილობა, აპარატურა; bathing facilities პლაჟის [აუზის] მოწყობილობა; lighting facilities სანათი მოწყობილობები / აპარატურა.
ავტორი: Giorgi Meladze თარიღი: 14 იანვარი, 2012 16:37
|