Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა

რატომ უნდა ვისწავლოთ ძველი ენები

ცნობისმოყვარეობა ადამიანისთვის როგორც ჩანს თანდაყოლილ თვისებას წარმოადგენს. Homo sapiens-ის, გონიერი ადამიანის, როგორც სახეობის არსებობის ადრეული ეტაპიდანვე მოყოლებული, საკუთარი თვითდამკვიდრებისთვის, იმისთვის რათა თავი თავდაჯერებულად და მშვიდად იგრძნოს, ადამიანისთვის ეტყობა უბრალოდ აუცილებელია გაერკვეს გარემომცველ რეალობაში, დღე-ღამისა და წელიწადის დროთა მონაცვლეობის გამომწვევ მიზეზებში, აუცილებელია გაიგოს, რა იწვევს მიწისძვრებსა და ვულკანის ამოფრქვევებს, რა ხდება ევერესტის მწვერვალზე, ჩრდილოეთ თუ სამხრეთ პოლუსზე, ან თუნდაც მთვარეზე. სწორედ ჩვენმა ამგვარმა ცნობისმოყვარეობამ განაპირობა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, კოსმოსის ათვისება და საზოგადოდ, მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი წინსვლა და ადამიანური კულტურისა და ცივილიზაციის პროგრესი. ალბათ სწორედ ამიტომ დაარქვა NASA-, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა სამმართველომ, მარსის ზედაპირის შესასწავლად გაგზავნილ რობოტიზებულ ავტომატურ პლანეტმავალს „კურიოზიტი“ ანუ „ცნობისმოყვარეობა“.

იგივე ცნობისმოყვარეობა უბიძგებს ადამიანს შეისწავლოს ის საიდუმლოებანი და საინტერესო პრობლემები, რომლებსაც მის გონებას უკვე უშუალოდ ადამიანის ისტორიისა და კულტურის ხანგრძლივი განვითარება სთავაზობს. ადამიანი ნებისმიერ ამოუხსნელ გამოცანას, იდუმალ მოვლენას, რომლის პასუხსაც ვერ პოულობს, თითქოს პირად გამოწვევად აღიქვამს. ადამიანს აინტერესებდა და აინტერესებს, რა ინფორმაციას შეიცავს ეგვიპტური იეროგლიფები ან შუამდინარული ლურსმული თიხის ფირფიტები, რა ენაზეა დაწერილი და რას ნიშნავს კრეტული A-ხაზოვანი დამწერლობის ნიმუშები ან ფესტოსის დისკო; ვინ იყვნენ და რა ენაზე თუ ენებზე ლაპარაკობდნენ ეგვიპტურ წყაროებში ნახსენები „ზღვის ხალხები“, როგორ წარმოიშვა ენა, როგორც ასეთი და რატომ გვხვდება მსოფლიოში ამდენი სხვადასხვა ენა, ნამდვილად არსებობს თუ არა ენათა ნათესაობა და შეიძლება თუ არა ერთი ენა იმდენად შეიცვალოს, რომ თვისობრივად სხვა ენად გარდაისახოს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძებნამ და მიგნებამ განაპირობა ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და კერძოდ ლინგვისტიკის განვითარება, შედარებითი ენათმეცნიერების წარმოქმნა და ენათა ნათესაობის შესახებ მოძღვრების შემუშავება და ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით დამტკიცება.

ენის კვლევის პროცესში ენათმეცნიერები სწავლობდნენ როგორც მათს თანამედროვე, ასევე ძველ ან ე.წ. „მკვდარ“ ენებს, რომლებიც მხოლოდ წერილობითი წყაროებით არის ჩვენთვის ცნობილი. ეს შეიძლება იყოს როგორც გამქრალი ცივილიზაციების შემქმნელ ხალხთა ენები (შუმერული, აქადური, გოთური), ასევე ამჟამად არსებული, „ცოცხალი“ ენების ადრეული ნიმუშები, რომლებიც თავიანთი თანამედროვე ვარიანტებისგან იმდენად დიდად განსხვავდება, რომ ენათმეცნიერები მათ ხშირად აგრეთვე „მკვდარ“ ენებად მიიჩნევენ (ძველი ინგლისური, ძველი ზემოგერმანული, ძველი ფრანგული, ძველი სლავური და სხვ.).

ამ ენების შესწავლას ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები თანდაყოლილი ადამიანური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გარდა უფრო პრაქტიკული სარგებელიც მოაქვს. სახელდობრ, ძველი და საშუალო ინგლისურის შესწავლა და ცოდნა გვეხმარება გავიგოთ, რატომ განსხვავდება ასე ძლიერ ერთმანეთისგან თანამედროვე ინგლისურის დაწერილობა და წარმოთქმა და საკუთრივ ინგლისური მართლწერის დაუფლებასაც აადვილებს. საშუალო ინგლისურისა და ახალი ინგლისურის ადრეული ნაირსახეობის (Early New English) გარკვეული ცოდნის გარეშე შეუძლებელია ინგლისური ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლების, ჩოსერისა და შექსპირის ნაწარმოებების წაკითხვა და ადეკვატურად აღქმა. ალბათ სწორედ ამის წყალობითაა, რომ თსუ- ჰუმანიტარული ფაკულტეტის ინგლისურ ფაკულტეტზე ჯერ კიდევ ისწავლება ინგლისური ენის ისტორია და ამ საგნის პროგრამიდან ამოღება ჯერჯერობით არავის განუზრახავს.

მაგრამ ლინგვისტისთვის, არა მარტო კომპარატივისტიკაში, არამედ ზოგად ენათმეცნიერებაში სრულყოფილად გასარკვევად სხვა ძველი ენების ცოდნაც არის აუცილებელი. ძველი ინგლისურის შედარება ძველ გერმანულთან და ძველ სკანდინავიურთან, ამ ენების შედარება უფრო ძველ ენებთან – გოთურთან და ე.წ. რუნიკულ სკანდინავიურთან, შემდეგ კი თავის მხრივ უკვე გოთურის შედარება ლათინურთან, ხეთურთან, სანსკრიტთან, ლიტვურთან, ძველ ბერძნულთან თუ საეკლესიო სლავურთან წარმოუდგენლად უფართოებს მკვლევარს ლინგვისტურ თვალსაწიერს. ამ ენების გაცნობა გაცილებით მეტს იძლევა, ვიდრე ენების ნათესაობაზე ზოგადი ინფორმაციის გაცნობა საენათმეცნიერო ნარკვევებში ან ეტიმოლოგიურ ლექსიკონებში. უშუალო შეხება ოდესღაც ერთი, პროტოინდოევროპული ენიდან წარმოქმნილ ამ ენებთან ნათელ წარმოდგენას უქმნის მკვლევარს ზოგადად ენის, როგორც ასეთის, სინქრონიულ და დიაქრონიულ დონეებზე ფუნქციონირებისა და განვითარების თავისებურებებზე. ძველი ენების ცოდნისა და თანამდროვე ენებთან მათი შედარების შედეგად მკვლევარმა საკუთარი გამოცდილებით იცის, როგორ ცოცხლობს და ვითარდება ენა, ნაცვლად იმისა რომ სხვის ნაამბობზე დაყრდნობით იქმნიდეს ამის შესახებ წარმოდგენას. ეს იგივეა, თავად იყო ამა თუ იმ საინტერესო მოვლენის ან სპორტული შეჯიბრების მომსწრე, ნაცვლად იმისა, რომ რეპორტიორის ან რომელიმე თვითმხილველისა თუ მაყურებლის ანგარიშიდან გებულობდე მასზე ინფორმაციას, ანდა უშუალოდ გქონდეს წაკითხული დიკენსი ან ჯოისი, ნაცვლად იმისა, რომ მათი ნაწარმოებების შინაარსს ლიტერატურის სახელმძღვანელოში მოცემული ერთ-ორგვერდიანი „გარჩევიდან“ ან „ვიკიპედიის“ სტატიიდან გებულობდე.

უფრო მეტიც, ლინგვისტისთვის ძველი ენების ცოდნა ისევეა აუცილებელი, როგორც ანატომიის ცოდნაა აუცილებელი ექიმისთვის და ქირურგისთვის. ამგვარი ცოდნის გარეშე ენებში მიმდინარე სიღრმისეულ პროცესებზე წარმოდგენას ვერ შევიქმნით.

ამდენად, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ძველი ინგლისურის გარდა, თსუ-სა და საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებსაც სტუდენტთათვის სრულფასოვანი ფილოლოგიური და ლინგვისტური ცოდნის მიცემის პრეტენზია აქვთ, ძველი ინგლისურის გარდა უნდა ისწავლებოდეს აგრეთვე გოთური და ლათინური, და პერსპექტივაში და შეძლებისდაგვარად, ლინგვისტიკის მიმართულების დოქტორანტურის დონეზე მაინც, აგრეთვე ლიტვური და სანსკრიტი. ამ ენების შესახებ თუნდაც ელემენტარული ცოდნის გარეშე სრულფასოვან ლინგვისტებს ვერ გავზრდით.

ძნელი სათქმელია, რამდენად განხორციელებადია ყველაფერი ის, რისი ნატვრა და სურვილიც ეს-ესაა გამოვთქვით. სასურველია, ზოგიერთი რამ მაინც რეალიზდეს და განხორციელდეს.

ჩვენ, თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრის თანამშრომლები, საკუთარ შესაძლებლობათა ფარგლებში ვცდილობთ ამ საშურ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენს ცენტრს შემოემატა ახალი თანამშრომელი, გოთურზე, ძველ ინგლისურსა და საშუალო ინგლისურზე უზომოდ შეყვარებული მკვლევარი მალხაზ აბულაძე, რომელიც ჩვენი ბლოგისა და სოციალური ქსელის საიტ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავიცანით. ბატონ მალხაზთან ერთად დაწყებული გვაქვს მუშაობა გოთურ-ქართულ ლექსიკონზე, რომელიც, მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ, განზრახული გვაქვს ინტერნეტში განვათავსოთ და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გავხადოთ. სამომავლოდ გვსურს აგრეთვე, სათანადო პირობებისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, ინტერნეტში განვათავსოთ აგრეთვე გოთური ტექსტები, რომლებიც ელექტრონულად დაკავშირებული იქნება გოთური არსებითი და ზედსართავი სახელების ბრუნებისა და ზმნების უღლების პარადიგმებთან (რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ). ამით შეიქმნება ციფრული სწავლების ღია რესურსი, რომელიც გოთური ენის შესწავლას მნიშვნელოვნად გააადვილებს როგორც ქართველ სტუდენტთათვის, ასევე გოთური ენით დაინტერესებულ ქართულენოვან პირთათვის მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც კი ინტერნეტი და კომპიუტერია ხელმისაწვდომი.

ვიმედოვნებთ, ჩვენი მოკრძალებული წამოწყება ხელს შეუწყობს ენათმეცნიერებისათვის ისეთი დიდმნიშვნელოვანი ენის, როგორიც გოთურია, პოპულარიზაციასა და შესწავლას საქართველოს სამეცნიერო-აკადემიურ წრეებსა და სწავლულ საზოგადოებაში, რაც, თავის მხრივ, დიდად დაგვეხმარება ჭეშმარიტად მაღალკვალიფიციურ, ფართო ლინგვისტური თვალსაწიერისა და დიაქრონიული ხედვის მქონე ენათმეცნიერთა აღზრდაში.

სტატიის ავტორია ლექსიკოგრაფიული ცენტრის უფროსი რედაქტორი გიორგი მელაძე

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.