Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა

ადამიანური რესურსები, ოკუპირებული თერაპევტები და დელიკატური სარეცხი ფხვნილები

ინგლისურენოვან ბარბარიზმებთან დაკავშირებით კიდევ ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, კერძოდ, რუსული ენიდან ქართულში ბევრი ლათინური ძირის სიტყვა შემოვიდა და დამკვიდრდა იმ მნიშვნელობით, რაც ამ სიტყვას ჰქონდა რუსულ ენაში. ახლა, იგივე ძირის სიტყვები სხვა მნიშვნელობით იკაფავენ გზას ქართულ ენაში, ამჯერად ინგლისური ენიდან.

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. სიტყვა რესურსი, რუსული ენიდან შემოვიდა ქართულ ენაში (ресурс, ресурсы) და ძირითადად მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კონტექსტში გამოიყენებოდა. თავად რუსულ ენაში ეს სიტყვა ფრანგული ენიდან დამკვიდრდა (ressource) შესაბამისად, იგი არ უდრის თანამედროვე ინგლისური სიტყვის resource მნიშვნელობას. ადამიანებთან მიმართებით რესურსი შეიძლება გამოვიყენოთ იმის შესაფასებლად, არის თუ არა საჭირო რაოდენობის ადამიანი ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად. ადამიანური რესურსების გამოყენება ამა თუ იმ დაწესებულების პერსონალის აღსანიშნავად, საკმაოდ უხერხულად ჟღერს და უფროსი თაობის წარმომადგენლებისათვის შეურაცხმყოფელიც კია.

ამდენად აჯობებს ინგლისური human resources ვთარგმნოთ როგორც პერსონალის მართვის განყოფილება, დეპარტამენტი, მით უფრო, რომ პერსონალიც არ არის რუსული ძირის სიტყვა (თუ მას ამ მიზეზით ვიწუნებთ).

ასეთივე უხერხული ტერმინია საკმაოდ დამკვიდრებული სამედიცინო ტერმინი - ოკუპაციური თერაპია. ყველასათვის ცნობილია, რომ ოკუპაცია ასევე რუსული ენიდანაა შემოსული ქართულში და აღნიშნავს შემდეგს: „რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებითი დაკავება“. განხილულ ტერმინში სიტყვა ოკუპაცია გამოიყენება ინგლისური სიტყვის occupation ერთ-ერთი მნიშვნელობით, კერძოდ – საქმიანობა. სწორედ ამ მნიშვნელობასთანაა დაკავშირებული სამედიცინო ტერმინი occupational therapy, რაც რეაბილიტაციის ერთ-ერთი სახეობაა და შრომით თერაპიას აღნიშნავს. ინტერნეტში ამას წინათ ასეთ ფორმასაც გადავაწყდი – ოკუპირებული თერაპევტი, რასაც უკომენტაროდ დავტოვებ.

ბოლო დროს, სხვადასხვა სარეკლამო განცხადებებში მომრავლდა შემდეგი შესიტყვებები: დელიკატური კრემი, დელიკატური რეცხვა, დელიკატური ფხვნილი ინგლისური შესიტყვებების ანალოგიით: delicate cream, delicate washing, delicate powder. ქართული დელიკატური არ უდრის ინგლისური სიტყვის delicate მნიშვნელობას. ქართული სიტყვა დელიკატური, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ნიშნავს შემდეგს: „თავაზიანი, ზრდილობიანი“, რაც შეესატყვისება რუსულ ზედსართავ სახელს деликатный (деликатный человек) და მეტყველებს იმაზე, რომ ეს სიტყვა ქართულ ენაში რუსული ენიდან შემოვიდა და დამკვიდრდა მითითებული მნიშვნელობით.

ასპირანტი-ქვეყნები. სიტყვა ასპირანტი,  როგორც უცხო სიტყვა, რუსული ენიდან შემოვიდა ქართულში და აღნიშნავდა ასპირანტურის სტუდენტს, аспирант. იგივე ძირის სიტყვა, ამჯერად ინგლისური ენიდან შემოსული ქართულში, გამოიყენება საქართველოსთან და სხვა, ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მიმართებით – ასპირანტი ქვეყნები. რეალურად, ინგლისური სიტყვის aspirant, რომელიც ნაწარმოებია ზმნისგან  to aspire (სწრაფვა), შესატყვისებია:  პრეტენდენტი, კანდიდატი, მაძიებელი. შესაბამისად, პრეტენდენტი, კანდიდატი ქვეყანა და არა ასპირანტი ქვეყანა.

მსგავსი მაგალითები უკვე საკმაოდ დაგროვდა ქართულ ენაში:

ინსპირირებული, როგორც უცხო სიტყვა, ქართულ ენაში რუსულიდან შემოვიდა (инспирированный) და დამკვიდრდა შემდეგი უარყოფითი მნიშვნელობით: „ინსპირაციით, ვისიმე წაქეზებით მოწყობილი“, ინგლისური ენიდან შემოსული inspired კი ცდილობს დამკვიდრდეს მნიშვნელობით – შთაგონებული (მაგ. ამ მუსიკით ვარ ინსპირირებული).

ინტერვენცია, როგორც უცხო სიტყვა, ქართულში რუსული ენიდან შემოვიდა (интервенция) და ნიშნავს შემდეგს: ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს ძალადობრივი ჩარევა რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში ტერიტორიის დასაპყრობად და მისთ“. იმავე ძირის სიტყვა, შემოსული ინგლისური ენიდან (intervention) ცდილობს დამკვიდრდეს მნიშვნელობით – ჩარევა (მაგ. ეროვნული ბანკი მოახდენს ინტერვენციას ლარის კურსის გასამყარებლად.

კონტრიბუცია, ქართულ ენაში რუსულიდან შემოვიდა (контрибуция) და ნიშნავს შემდეგს: ფულადი გადასახადი, რომელსაც ომში გამარჯვებული მხარე დამარცხებულს აკისრებს საზავო ხელშეკრულების ძალით“. იმავე ძირის სიტყვა contribution, ამჯერად ინგლისური ენიდან შემოსული ცდილობს დამკვიდრდეს ენაში მნიშვნელობით -  წვლილი (მაგ. საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში).

რეზერვაცია, როგორც უცხო სიტყვა, ქართულში შემოვიდა რუსული ენიდან (резервация) და დამკვიდრდა შემდეგი მნიშვნელობით: ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში ტერიტორია, რომელიც გამოყოფილია მკვიდრი მოსახლეობისათვის“. იმავე ძირის სიტყვა reservation, ამჯერად ინგლისური ენის გავლენით მკვიდრდება მნიშვნელობით – დაჯავშნა (მაგ. გააკეთეთ სასტუმროს რეზერვაცია?)

მაშასადამე, ერთი და იმავე ძირის სიტყვები რუსული ენიდან ქართულში ერთი მნიშვნელობითაა დამკვიდრებული, ინგლისური ენიდან კი სხვა მნიშვნელობით იკაფავს გზას, რაც ასევე ენაში ქაოსს ქმნის.

ამ თემას ასევე უკავშირდება ხშირ შემთხვევაში სრულიად შეგნებული მცდელობები რუსული ენიდან შემოსული სიტყვები ჩანაცვლდეს ინგლისური ძირის სიტყვებით (მაგალითად: მაღაზია – მარკეტი, მოდა – ფეშენი, ტენდენცია – ტრენდი და სხვა), რაც ასევე სრულიად მიუღებელ ტენდენციად მეჩვენება, მით უფრო რომ ამ სიტყვების უმრავლესობა ლათინური ძირისაა.

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.