Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა

ლექსიკოგრაფიული ცენტრის განცხადება

ძვირფასო მეგობრებო!

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 19 აპრილს, ინტერნეტში აიტვირთა ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი (http://margaliti.com/barbarism.pdf).

10 მაისს ინტერნეტ-სივრცეში ამოქმედდა ბარბარიზმების ონლაინ-ლექსიკონი, რომელშიც გაერთიანდა რუსულენოვანი ტექნიკური დარგების ბარბარიზმები და ინგლისური ენიდან ქართულში შემოჭრილი ბარბარიზმები, სულ 840 ერთეული (http://barbarisms.ge/). უახლოეს დღეებში ბარბარიზმების ლექსიკონს დაემატება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელებული „სალფეტკისა“ და „ჩაინიკის“ ტიპის 200-მდე რუსულენოვანი ბარბარიზმი. ბარბარიზმების ლექსიკონის შევსება კვლავაც გაგრძელდება, რათა ერთ სივრცეში მოვუყაროთ თავი იმ ლექსიკას, რისგანაც ქართული ენა სასურველია დაიწმინდოს.

უკვე გამოქვეყნებულმა ლექსიკონებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, მისასალმებელია, რომ არის კამათი, არის სხვადასხვა მოსაზრებები ცალკეულ ბარბარიზმებზე და სხვა. ამასთან დაკავშირებით გვინდა გავაკეთოთ შემდეგი განცხადება:

  1. რუსულენოვანი ტექნიკური დარგების ბარბარიზმების ქართული შესატყვისების წყარო არის რ. დვალისა და რ. ღამბაშიძის საერთო რედაქტორობით გამოცემული ისეთი მნიშვნელოვანი ლექსიკონი, როგორიცაა „ტექნიკური ტერმინოლოგია“ (გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1989 წელი). შესაბამისად, თუ ვინმეს შეექმნება აზრი, რომ „აბკატკისა“ და „ატვიორტკის“ ტიპის ბარბარიზმების ქართულ შესატყვისებს ჩვენ ვთხზავთ, ცდება. ეს ტერმინოლოგია დიდი ხნის წინაა შექმნილი, ჩვენ კი ვცდილობთ თაროზე შემოდებული ტერმინების გაცოცხლებას და აქტიურ ხმარებაში დაბრუნებას;
  2. რაც შეეხება ინგლისურენოვან ბარბარიზმებს, ვფიქრობთ რამდენიმე ინგლისურ-ქართული ზოგადი თუ დარგობრივი ლექსიკონის შემქმნელებს გვაქვს იმის ცოდნა, რომ ამ თემაზე საკუთარი აზრი შევთავაზოთ ქართულ საზოგადოებას. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოველი ინგლისურენოვანი ბარბარიზმი, რომელიც ლექსიკონში შევიდა არის სერიოზული განსჯის, აწონ-დაწონის შედეგად მოხვედრილი ლექსიკონში. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები ყოველ ინგლისურენოვან ბარბარიზმთან დაკავშირებით და მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში კოლეგებთან თუ ამ საკითხებით დაინტერესებულ პირებთან ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ. ასეთი კამათი არაერთი გვქონდა მოძრაობის „არა ბარბარიზმებს!“ დაწყებიდან ლექსიკონის გამოქვეყნებამდე. არაერთი ჩვენი მოძრაობის მეგობარი, თუ ფეისბუქის გვერდის მიმდევარი გვწერდა შენიშვნებს, მოსაზრებებს, გვისვამდა შეკითხვებს და ჩვენ არც ერთი ასეთი კომენტარი პასუხის გარეშე არ დაგვიტოვებია, ისეთიც კი, რომელიც დიდი მონდომებით გვიმტკიცებდა რომ „ფაზლი“ საკუთარი სახელია და ქართულად არ უნდა ვთარგმნოთ (!), ან რომ „თავსატეხი“ ჩვენი მოგონილი სიტყვაა რუსული головоломка-ს კალკირებით (იხ. სიტყვა „თავსატეხი“ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში);
  3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი არ არის არც პროკურატურა, არც უზენაესი სასამართლო და არც ენის ნორმების დადგენა დაუსახავს მიზნად! ჩვენ არავის არ ვუკიჟინებთ, დავცინით ან ვაჯარიმებთ! ჩვენ ქართულ საზოგადოებას შევახსენეთ ის ქართული სიტყვები, რომლებიც დიდი ხანია არსებობს ქართულ ენაში და აქტიური ხმარებიდან განდევნილია რუსული ბარბარიზმების გამო. ინგლისურენოვანი ბარბარიზმების შემთხვევაში კი შევთავაზეთ მათი ქართული შესატყვისები, რისი კომპეტენცია უდავოდ გვაქვს. ჩვენ ვართ ლექსიკოგრაფები და წინ აღვუდექით ქართული ენის ინგლისურ-რუსულ-ქართულ უბადრუკ ჰიბრიდად ქცევის აშკარა ტენდენციას. ჩვენ მოვიფიქრეთ ჩვენი სათქმელის ქართული საზოგადოებისათვის გაზიარების ის ფორმა, რამაც მოწონება დაიმსახურა, მრავალი მიმდევარი გაიჩინა და, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული საზოგადოება დაფიქრდა ენობრივ საკითხებზე.
  4. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ ღია მოძრაობაა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვწეროს ჩვენი ფეისბუქის გვერდზე (#არაბარბარიზმებს) ან გვესტუმროს ლექსიკოგრაფიულ ცენტრში (ჭავჭავაძის გამზ. 36, თსუ მე-5 კორპუსი) ცალკეულ სიტყვებზე სამსჯელოდ.

ლექსიკოგრაფიული ცენტრი

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.