Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა

თბილისური წარწერები

კანონი სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოში მოქმედ კომპანიებს ავალდებულებს წარწერები მაღაზიებზე, კაფე-ბარებზე, სასტუმროებსა და სხვა დაწესებულებებზე წარმოადგინონ სახელმწიფო ენაზე. კანონში ვკითხულობთ:

საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა
კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 25, 1

კანონი არ კრძალავს  უცხოენოვანი წარწერის გაკეთებასაც, თუმცა 25-ე მუხლში ეს ნორმაც ცალსახადაა განმარტებული, კერძოდ:

ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს
კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 25, 3, 6

ქართული წარწერა აუცილებლად უნდა იყოს მსხვილი სავაჭრო ცენტრების შიგნით განთავსებულ სავაჭრო ობიექტებზეც. ასევე სავალდებულოა ქართული წარწერები რესტორნების, სასტუმროების და სხვა დაწესებულებების შენობის შიგნითაც. ეს საკითხი, როგორც ზემოთ მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, ცალსახადაა დარეგულირებული კანონით და მისი აღსრულება სათანადო ორგანოების მუდმივი მუშაობისა თუ ბრძოლის ასპარეზი უნდა იყოს.

დაწესებულებაზე ქართული წარწერა რომ უნდა იყოს, ეს სრულიად ცხადია, მაგრამ ისმის კითხვა, რა უნდა ეწეროს დაწესებულებას ქართული ასოებით? თბილისში ბოლო პერიოდში მაღაზიებზე, კვების ობიექტებსა თუ სხვა დაწესებულებებზე ჩნდება ისეთი წარწერები, რომლებიც თბილისელების სამართლიან გულისწყრომას იწვევს.

ჰოუმ აუტოქომ ჯაპან გალლერი რუუმ ლაქი სტეპ
მერი ქიდს უაით შოფ გოდის ოვს კიდს
ლითლ ვან სექონდ ქაფ ინჯოი ბი ჰეფი
ჰეფი დეი ფულ ჰაუს ურბან სთაილ ზი ჩილდრენ’ს ფლეის
კოფი ბინ ენდ თი ლიფ ბეიბი კორნერი ქიდს თაიმ ლაქშერი
კოფი სთეიშენ ლაით ჰაუს ქონვინიენს სთორი ნეილ რუმ
ფაინ დინერ კორნერ ჰაუს კაფე ინ ჰაუს ბრენდს შოპ
ბელ მეზონ პალე დე ტე ფრომაჟერი ტრასტ ჯეორჯია

ყველა ეს წარწერა არის ინგლისური (ან იშვიათად) ფრანგული დასახელების ტრანსლიტერაცია: The Children’s Place ზი ჩილდრენ’ს ფლეის (სიტყვასიტყვით „ბავშვების ადგილი“),  Light House  ლაით ჰაუს („სინათლის სახლი“), Full House ფულ ჰაუს („სავსე სახლი“), Corner House კორნერ ჰაუს („კუთხის სახლი“), Coffee Station კოფი სთეიშენ („ყავის სადგური“), Belle Maison ბელ მეზონ („ლამაზი სახლი“), Baby Corner ბეიბი კორნერი („ბავშვების კუთხე“), Trust Georgia ტრასტ ჯეორჯია („ენდეთ საქართველოს“), Brands Shop ბრენდს შოპ („ბრენდების მაღაზია“) და სხვა.

წარწერების მიზანია ინფორმაციის მიწოდება დაწესებულების, მისი საქმიანობის სფეროს შესახებ და ა.შ. ზემოთ მოყვანილი ტიპის წარწერები ქართველ მომხმარებელს ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიაწოდებს, თუ მან არ იცის ინგლისური ან ფრანგული და არ წაიკითხავს უცხოენოვან წარწერას. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისური ენა საქართველოს მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა იცის, მაგრამ უკვე მომრავლდა არაბული, თურქული, სპარსული წარწერების ტრანსლიტერაციები თანმდევი პრობლემებით.

რეალურად ვიღებთ ისეთ ვითარებას, როდესაც მოქალაქე დადის მშობლიური ქალაქის ქუჩებში და აქვს სრული გაუცხოება მშობლიურ ქალაქთან, მაშინაც კი თუ მან ინგლისური ენა იცის და წარწერების უმრავლესობას სწორედ ინგლისურენოვანი აბრებით იგებს. ეს გაუცხოება და გაღიზიანება მოიმატებს, როდესაც ქალაქში მომრავლდება სხვაენოვანი წარწერების ტრანსლიტერაციები.

ამგვარი წარწერების მომრავლების მიზეზი არის ჩანაწერი კანონში რეკლამის შესახებ, რომელიც  ავალდებულებს კომპანიებს უცხოენოვანი წარწერა ტრანსლიტერაციით გადმოიტანოს ქართულ ენაზე. თუმცა გვხვდება კომპანიები, რომლებიც აბრების გაფორმების საკითხს შემოქმედებითად უდგებიან და თარგმნიან სახელს იქ, სადაც ეს შესაძლებელია. მაგ. ასეთი კომპანიებია:

  1. Casa Calda (იტალიური მაღაზია) „თბილი სახლი“ და არა „კაზა კალდა“.
  2. New Light ახალი ნათება“ და არა „ნიუ ლაიტ“.
  3. Modern Style – „თანამედროვე სტილი“ და არა „მოდერნ სტაილ“.
  4. Accessories – „აქსესუარები“ და არა „აქსესორიზ“.
  5. Yellow House – „ყვითელი სახლი“ და არა „იელოუ ჰაუს“.
  6. Clean House „სუფთა სახლი“ და არა „კლინ ჰაუს“.
  7. Turkish Airlines – თურქეთის ავიახაზები და არა „თურქიშ ეალაინზ“.
  8. English Home – ინგლისური სახლი“ და არა „ინგლიშ ჰოუმ“.
  9. Zapatero Español – „ესპანელი მეწაღე“ და არა „ზაპატერო ესპანიოლ“.
  10. საქართველოს რკინიგზა – Georgian Railway და არა “Sakartvelos Rkinigza”.
  11. საქართველოს ბანკი – Bank of Georgia და არა “Sakartvelos Banki”.
  12. კურორტი საირმე – Resort Sairme და არა “Kurorti Sairme”.
  13. თელავის ღვინის მარანი – Telavi Wine Cellar და არა „Telavis Ghvinis Marani“.
  14. ლაღიძის წყალი – Laghidze Water და არა „Laghidzis Tskali“.

და სხვა.

ასეთი მაგალითები, საბედნიეროდ, არ არის ცოტა და მეტყველებს იმაზე, რომ სახელის თარგმნით არაფერი არ ფუჭდება, პირიქით, წარწერა აზრს იძენს და ინფორმაციის გადაცემის საშუალება ხდება, რაც არის კიდეც მისი დანიშნულება.

საკითხის შესწავლის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ წარწერა, რომელიც საერთო ლექსიკის სიტყვებისგან შედგება თავისუფლად შეიძლება ითარგმნოს ქართულად. ეს თუ კანონში პირდაპირ არ არის მითითებული, არც არავის აუკრძალავს. ხშირად ისმის მოსაზრება, რომ სახელის თარგმნა არ შეიძლება, სავაჭრო ნიშანი ხელშეუხებელია და ა.შ. ამ საკითხთან დაკავშირებით შევისწავლეთ შესაბამისი კანონმდებლობა, გავიარეთ რამდენიმე კვალიფიციური იურისტის კომნსულტაცია და პრაქტიკულად არ არსებობს ნორმა, საერთაშორისო თუ ქართული, რაც ხელს უშლის და ეწინააღმდეგება სახელის თარგმნას აბრაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო ნიშანი და აბრა არ არის ერთი და იგივე და ორივე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ არაბული, თურქული, სპარსული, ჩინური წარწერების მომრავლების შემთხვევაში, აგრეთვე ამ ენებიდან წარწერების ტრანსლიტერაციით გადმოღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, რადგან ინგლისური ენისგან განსხვავებით ეს ენები ბევრმა არ იცის საქართველოში.

ვფიქრობთ, რომ სასურველია ქართულ ენაზე ითარგმნოს იმ ტიპის წარწერები, როგორიცაა:

Urban Style „ქალაქური სტილი“ და არა „ურბან სტაილ“;

Elegant Room „ელეგანტური ოთახი“ და არა „ელეგანტ რუმ“;

Full House „სავსე სახლი“ და არა „ფულ ჰაუს“;

Brands Shop „ბრენდების მაღაზია“ და არა „ბრენდს შოპ“;

Kids Shop „საბავშვო მაღაზია“ და არა „კიდს შოპ“;

Corner House „კუთხის სახლი“ და არა „კორნერ ჰაუს“;

Light House „სინათლის სახლი“ და არა „ლაით ჰაუს“;

Goddess „ქალღმერთი“ და არა „გოდის“;

Coffee Corner „ყავის კუთხე“ და არა „კოფი კორნერ“;

New House „ახალი სახლი“ და არა „ნიუ ჰაუს“

Belle Maison „ლამაზი სახლი“ და არა „ბელ მეზონ“;

და სხვა.

არის ისეთი წარწერები, რომელთა პირდაპირ თარგმნა შესაძლოა ვერ მოხერხდეს და შემოქმედებითი მიდგომა იყოს საჭირო. მაგ.

Fronagerie – „ფრანგული ყველის მაღაზია“ ან „ფრანგული ყველი“ (ფრანგული ემატება წარწერას მაღაზიის სპეციფიკის უკეთ გადმოსაცემად);

Palais des Thes – „ფრანგული ჩაის სახლი“ (ფრანგული აქაც ემატება იგივე მოსაზრებიდან გამომდინარე და სიტყვა – palais, სასახლე იცვლება სიტყვით სახლი, რაც ქართულად უფრო ბუნებრივად ჟღერს);

Second Cup – „ყავის სახლი მეორე ფინჯანი“ (კაფეს სახელს ემატება ყავის სახლი, რაც მის სპეციფიკას უკეთ გადმოსცემს).

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ქართული თარგმანი არ არის საკმარისი (მაგ. იღბლიანი ნაბიჯი), ან სახელი ქართულად არ ჟღერს სათანადოდ (კოფი ბინ ენდ თი ლიფ). ამ შემთხვევებში შეიძლება დიდი ასოებით დაიწეროს დაწესებულების პროფილი და უფრო მომცრო ასოებით თარგმნილი ან ტრანსლიტერირებული სახელი. მაგ.:

Lucky Step საბავშვო ფეხსაცმლის მაღაზია („იღბლიანი ნაბიჯი“ ან „ლაქი სტეპი“);

The Coffee Bean and Tea Leaf ყავისა და ჩაის სახლი („კოფი ბინ ენდ თი ლიფ“);

RUN.GE სპორტული ფეხსაცმლის მაღაზია („რან.ჯი“);

ACIBADEM სამედიცინო ცენტრი („აჯიბადემი“);

TUTTO UOMO მამაკაცების ტანსაცმლის მაღაზია ან მაღაზია მამაკაცებისათვის („ტუტო უომო“)

და სხვა.

უცხოური სახელის ქართულად გადმოღებისას მკაცრად უნდა იქნეს დაცული ტრანსლიტერაციის წესები. სრულიად მიუღებელია ქართულ სიტყვებში უცხო ენის ასოების ან სიმბოლოების გამოყენება. მაგ.: არასწორია „დომინო’ს პიცა“, უნდა იყოს „დომინოს პიცა“. უცხო ენის ასოები უკვე ბევრ წარწერაში გვხვდება: ვენდი’ს, კოfი ბრეიქ, ზი ჩილდრენ’ს პლეის, პრიVე და სხვა. ასევე დაუშვებელია უცხო სიტყვის ქართულად ტრანსლიტერაციისას ორი ხმოვნის ან თანხმოვნის გამოყენება ქართულ სახელში, მაგ. გალლერი, რუუმ და სხვა. ტრანსლიტერაციით გადმოღებულ სახელს ბოლოში უნდა დაერთოს სახელობითი ბრუნვის ნიშანი, მაგ. ბილტმორი და არა ბილტმორ.

საკუთარი ან ბრენდის სახელების შემცველ შედგენილ წარწერებში ხშირად არ გამოიყენება ქართული სიტყვის სათანადო ბრუნვის ფორმა და ქართული წარწერა ინგლისური ენის ანალოგიით იქმნება. მაგ.: Apple City უნდა ითარგმნოს როგორც „ეპლის ქალაქი“ და არა „ეფლ სითი“. ცნობილია, რომ ინგლისური ენა ანალიზური ენაა და სიტყვები არ იბრუნვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ ენაზე მათი გადმოღებისას, ქართული ენისათვის ბუნებრივი ბრუნვათა სისტემა არ უნდა გამოვიყენოთ.

დაბოლოს, ახალი ობიექტის გახსნისას, მფლობელმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ რას დაარქმევს თავის ობიექტს ქართულად, რამდენად ბუნებრივი იქნება ეს სახელწოდება ქართულ ენაზე და შემდეგ თარგმნოს სახელი ინგლისურად.

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.