Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა

დასრულდა ძირითადი მუშაობა დიდ-ინგლისურ ქართულ ლექსიკონზე

„დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ ონლაინ-ვერსიით მოსარგებლეებმა შესაძლოა შენიშნეთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც ეკრანზე ასო P-სთან კურსორის მიტანისას ჩნდება ტექსტი: „ასო P ლექსიკონში სრულადაა წარმოდგენილი“. სწორედ ასო P იყო უკანასკნელი, რომელიც სულ ბოლო ხანებამდე ლექსიკონში სრული სახით არ იყო წარმოდგენილი და მის დასრულებასთან ერთად, პრაქტიკულად  დასრულდა ძირითადი მუშაობა დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე!

სარედაქციო კოლეგია თვლის, რომ დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე მუშაობის დასრულება ღირსშესანიშნავი მოვლენაა საქართველოს მკითხველი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ინგლისური ენით დაინტერესებულ პირთათვის.

გვაქვს პატივი, ლექსიკონით მოსარგებლეებს მოგილოცოთ დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის დასრულება და მადლობა მოგახსენოთ მოთმინებისათვის, რომელიც ლექსიკონზე მუშაობის პერიოდში გამოიჩინეთ. ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენი ლექსიკონის ხელმომწერებს, რომლებიც ლექსიკონის ცალკეულ რვეულებს იძენდნენ 1995 წლიდან მოყოლებული.

საიდუმლო არ არის, რომ დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე მუშაობას და მის დასრულებას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს ლექსიკონის მოცულობისა და მასშტაბის გათვალისწინებით – მსგავსი მოცულობის ლექსიკონებზე ხომ, როგორც წესი, მთელი ინსტიტუტები მუშაობენ ხოლმე. იმ პირთა რიცხვი კი, ვისაც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ლექსიკონზე მუშაობის სურვილი, შესაძლებლობა და უნარი აღმოაჩნდებოდა, დიდი არასოდეს ყოფილა.

უახლოეს ხანებში დაგეგმილია ასო P- ცალკე რვეულის სახით დაბეჭდვა და გამოცემა. ოდნავ მოგვიანებით, სათანადო შევსებისა და დამუშავების შემდეგ, რამდენიმე რვეულად გამოვა ლექსიკონის დანარჩენი ასოებიც R-დან Z-მდე. საბოლოოდ დაგეგმილია ლექსიკონის მთლიანი მასალის (ასოები A-Z) დაბეჭდვა და გამოცემა, სავარაუდოდ, ორ ტომად. ამით შესრულდება ყველა ის დაპირება, რომელიც ჩვენ ლექსიკონით მოსარგებლეებს მივეცით, როდესაც 1995 წელს ლექსიკონის პირველი რვეული (ასო A) გამოიცა და ლექსიკონზე ხელმოწერა გაიხსნა.

გარდა ამისა, განვიხილავთ ლექსიკონის iPhone-თან, iPad-თან და/ან სხვა პლანშეტურ კომპიუტერებთან თუ სმარტფონებთან თავსებადი ვერსიების (ონლაინ- და დესკტოპ-აპლიკაციები) შექმნის შესაძლებლობასაც.

ბეჭდური გამოცემის მომზადების პროცესში და ლექსიკონის წიგნად გამოცემის შემდეგაც, მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა ლექსიკონის სიტყვანის შევსებასა და მოდერნიზაციაზე, რასაც ონლაინ-ფორმატი ძალზე აადვილებს.

ამგვარი შევსება-მოდერნიზაცია ძირითადად იმიტომ არის აუცილებელი, რომ ენა საერთოდ, განსაკუთრებით კი კონკრეტულად ინგლისური ენა, მუდმივ და სწრაფ ტრანსფორმაციას განიცდის. იგი მდიდრდება ახალი ლექსიკით, ახალი ტერმინოლოგიით (განსაკუთრებით ჩვენს ტექნოლოგიურ საუკუნეში) და თუ ლექსიკონი ამ ცვლილებებს და სიახლეებს ვერ ასახავს, იგი დროს ჩამორჩება და ნაკლებად სასარგებლო იქნება მომხმარებლისათვის.

ამრიგად, მუშაობა დასრულდა, მუშაობა გრძელდება და ჩვენი სარედაქციო ჯგუფი კვლავაც განაგრძობს თავის საქმიანობას, რომლის მიზანიც ინგლისური ენით დაინტერესებულთა დახმარება-ხელშეწყობა და ინგლისური ენის შესწავლის გაადვილებაა.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას და კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას მოთმინებისა და მხარდაჭერისათვის!

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

Diana D

ვულოცავ ყველას ამ მართლაც ღირსშესანიშნავ მოვლენას, ამ უმიშვნელოვანესი პროექტის სისრულეში მოყვანას და მოუთმენლად ველი ფერად–ფერად რვეულებს, რომ ჩემს არსებულ კოლექციას მივუმატო.

ასევე განსაკუთრებით გამახარა იმ ფაქტმა, რომ შეიქმნება ლექსიკონის სმარტფონებთან თავსებადი ვერსიებიც.

კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას და გგულშემატკივრობთ …

Diana D,
2 თებერვალი, 2012 15:10

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.