Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა

ნათესაობის აღმნიშვნელი ტერმინები ძველ ინგლისურ ენაში (ნაწილი II)

ბაბუა

1. ძვ. ინგ. ealdfæder, eldfæder „ბაბუა“ < ნაწარმოებია eld, eald „მოხუცი, ძველი“ (თანამ. ინგ. old) + fæder „მამა“ (თანამ. ინგლ. Father); შდრ. ძვ. ფრიზ. aldafeder, aldfeder „ბაბუა“; ძვ. საქს. aldfadar „ბაბუა; წინაპარი; პატრიარქი“; ძვ. ზემ. გერმ. altfater „წინაპარი, პატრიარქი“ (> თანამ. გერმ. Altvater „პატრიარქი; წინაპარი“.

საშუალო ინგლისურში eldfader, eldefader იშვიათად გვხდება; მხოლოდ რამოდენიმე მაგალითი მოგვეპოვება. XV საუკუნის შემდეგ ეს სიტყვა არ ფიქსირდება ტექსტებში.

2. თანამ. ინგლ. grandfather „ბაბუა“ წარმოებულია გვიანდელ საშუალო ინგლისურში (XV საუკუნე) < grand, ზედ. სახ. „დიდი“ + father „მამა“.

ბებია

1. ძვ. ინგ. eald-móder „ბებია“ < ნაწარმოებია eald „მოხუცი, ძველი“ (თანამ. ინგ. old) + móder „დედა“ (თანამ. ინგ. mother); შდრ. ძვ. ფრიზ. aldemōder „ბებია“.

საშუალო ინგლისურში ეს სიტყვა იშვიათად გვხდება. XIV საუკუნის შემდეგ არ ფიქსირდება ინგლისურ ტექსტებში.

2. თანამ. ინგ. grandmother „ბებია“ ნაწარმოებია გვიანდელ საშუალო ინგლისურში (XV საუკუნე) < grand, ზედ. სახ. „დიდი“ + mother „დედა“.

შვილიშვილი (ვაჟი)

1. ძვ. ინგ. suna sunu და dohtor sunu „შვილიშვილი (ვაჟი)“. ძველ ინგლისურში არ არსებობდა ცალკე სიტყვა, რომელიც შვილიშვილს აღნიშნავდა. Sunu suna სიტყვასიტყვით ნიშნავდა „ვაჟიშვილის ვაჟიშვილი“ და dohtor sunu “ქალიშვილის ვაჟიშვილი“. შდრ. ძვ. ისლ. sonar-sonr და dottur-son და ქართული „შვილიშვილი“. ეს სიტყვა აგრეთვე გვხდება საშუალო ინგლისურში – sonys sone, sons son.

2. ძველ ინგლისურში აგრეთვე გამოიყენებოდა სიტყვა nefa „შვილიშვილი (ვაჟი)“, თუმცა ძალიან იშვიათად, რადგანაც მისი მთავარი მნიშვნელობა იყო „ძმისშვილი, დისშვილი ვაჟი“ (იხ. ძმისშვილი). სიტყვა nefa საკმაოდ იშვიათია საშუალო ინგლისურში, დაფიქსირებულია მხოლოდ რამოდენიმე შემთხვევა (საშ. ინგ. neue, neve). XV საუკუნის შემდეგ არ გვხდება ინგლისურში.

3. საშუალო ინგლისური neueu, nevewe, და ა. შ. „შვილიშვილი (ვაჟი)“, აგრეთვე „ძმისშვილი, დისშვილი ვაჟი“ (> თანამ. ინგ. nephew „ძმისშვილი, დისშვილი ვაჟი“). ინგლისურ ენაში ეს სიტყვა გამოიყენებოდა XIII საუკუნიდან XVII საუკუნემდე; ამჟამად მოძველებულია). იხ. ძმისშვილი.

4. თანამ. ინგ. grandson „შვილიშვილი (ვაჟი)“ ნაწარმოებია XVI საუკუნეში < grand, ზედ. სახ. „დიდი“ + son „ვაჟიშვილი“.

შვილიშვილი (ქალი)

1. ძვ. ინგ. nift „შვილიშვილი (ქალი)“ (ძალიან იშვიათად); ამ სიტყვას ძველ ინგლისურში ჰქონდა უფრო გავრცელებული მნიშვნელობა „ძმისწული, დისწული (ქალი)“, იხ. ძმისწული. საშუალო ინგლისურში არ გვხდება.

2. საშუალო ინგლისური nece, nese, და ა. შ. „შვილიშვილი (ქალი)“, აგრეთვე „ძმისწული, დისწული (ქალი)“ (> თანამ. ინგ. niece). გამოიყენებოდა XIII საუკუნიდან XVI საუკუნემდე; ამჟამად მოძველებულია. იხ. ძმისწული.

3. თანამ. ინგ. grand-daughter „შვილიშვილი (ქალი)“ ნაწარმოებია XVII საუკუნეში < grand, ზედ. სახ. „დიდი“ + daughter „ქალიშვილი“.

მშობლები

1. ძვ. ინგ. cennend „მშობელი; დედ-მამა“ < ზმნა cennan-ის „შობა, დაბადება“ აწმყო დროის მიმღეობა, რომელიც სუბსტანტივირებულად გამოიყენებოდა. სიტყვასიტყვით „ის, ვინც გშვა“. შდრ. რუსული родители < родить, рожать, გოთური bērusjōs, მრ. რ. „მშობლები“ < bairan „დაბადება, შობა“ (ინგ. to bear)  და ქართული მშობლები < შობა. ეს სიტყვა მხოლოდ ძველ ინგლისურში გვხდება.

2. ძვ. ინგ. ieldra, yldra, eldra „მშობლები“ < ზედსართავი სახელის eald- ის (თანამ. ინგ. old „მოხუცი, ძველი“) სუბსტანტივირებული შედარების ხარისხი (შდრ. არქაული ინგლისური elder, ამჟამად სტანდარტული ფორმაა older და არსებითი სახელი elders „უფროსები“). შდრ. გერმ. eltern, მრ. რ. „მშობლები“.

საშუალო ინგლისურში ieldra, eldra (> საშ. ინგ. elderen, elders, მრ. რ. „მშობლები“) იყო სტანდარტული სიტყვა და გამოიყენებოდა XVI საუკუნემდე.

3. თანამ. ინგ. parent „მშობელი, დედ-მამა“ (XV-XVII საუკუნეებში აგრეთვე ჰქონდა მნიშვნელობა „ნათესავი“) ნასესხებია საშუალო ფრანგულიდან parent „მშობელი, დედა და მამა; წინაპარი, ნათესავი“ (თანამ. ფრანგული parent „ნათესავი; მშობლები, წინაპრები“) < ლათ. parēns, parentis „მშობლები; ნათესავი“ < წარმოშობით ზმნა parere-ს „დაბადება, გაჩენა, შობა, შექმნა“ აწმყო დროის მიმღეობაა.

სტატიის ავტორია მალხაზ აბულაძე

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.