Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა

ფანჯარა, კომპიუტერი, რესეფშენი, საჯარო სივრცე და პირადი სივრცე (ანუ ეტიმოლოგია, უცხო სიტყვა, ბარბარიზმი, საჯარო სივრცე და პირადი სივრცე)

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი მუშაობს ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონზე და ყოველდღიურად აქვეყნებს ბარბარიზმების შემცველ სიტყვა-სტატიებს ამ მიზნით ფეისბუქის სივრცეში შექმნილ გვერდზე #არაბარბარიზმებს. ცალკეულმა კომენტარებმა ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე დამარწმუნა, რომ საჭიროა ზოგიერთი განმარტების გაკეთება. ბოდიშს ვუხდი კოლეგა ენათმეცნიერებს, რადგან ეს საკითხები მათ კარგად იციან, განმარტება საჭიროა ფართო საზოგადოებისათვის.

-         რატომ ებრძვით ბარბარიზმებს! განა ფანჯარა ქართული სიტყვაა? – წერს ერთი მოქალაქე კომენტარებში;

-         ჰაბი რომ არ მოგწონთ, ცენტრი ქართული სიტყვაა? რა ვუყოთ ლათინური ძირის სიტყვებს? – წერს მეორე მოქალაქე;

-         ბარბარიზმი დროთა განმავლობაში ენის ნაწილი ხდება, ნუ ებრძვით მათ! – წერს კიდევ ერთი მოქალაქე.

მოკლედ, სიტყვა-სტატიებზე მიწერილი კომენტარების გაანალიზებამ დამანახა, რომ საჭიროა განვმარტოთ რატომ „ვებრძვით“ ინგლისურენოვან ბარბარიზმებს, როცა არ „ვებრძვით“ ფანჯარას, რომელიც სპარსული ენიდან შემოვიდა ქართულში, როცა არ „ვებრძვით“ ცენტრს, რომელიც ლათინური ძირის სიტყვაა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კომენტარები თითო-ოროლაა, მაგრამ, ვფიქრობ, რადგან გაჩნდა კითხვა, მას პასუხი უნდა გაეცეს.

მაშ ასე! ფანჯარა.

დიახ, ფანჯარა ქართულ ენაში სპარსული ენიდანაა შემოსული, სპარსული ნასესხობაა. თანამედროვე ქართული ენის ლექსიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჩვენ მრავლად გვაქვს სპარსული, თურქული, არაბული წარმოშობის სიტყვები. ქართულ ენაში ასევე მრავლადაა რუსული ენიდან შემოსული სიტყვები.

გამონაკლისია ამ მხრივ ქართული ენა? მხოლოდ ქართულ ენაშია ნასესხები სიტყვები სხვა ენებიდან?

არა, ქართული ენა არ არის გამონაკლისი. ნებისმიერი ენის ლექსიკა შედგება მშობლიური სიტყვებისა და ნასესხები სიტყვებისაგან.

მოდით ვნახოთ იგივე ინგლისური ენა, რომელიც ამ ბარბარიზმების ძირითადი წყაროა თანამედროვე ქართულისათვის.

თანამედროვე ინგლისურ ენაში სიტყვების 60% ლათინური და ფრანგული

ძირის სიტყვებია, ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან  დიდი პროცენტია. ეს ნასესხობა გამოიწვია იმან, რომ ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის შედეგად 1066 წელს, სამ საუკუნეზე მეტი ინგლისში სახელმწიფო ენა ფრანგული ენა იყო. მანამდე, ინგლისი სკანდინაველებს ჰქონდათ დაპყრობილი, რის შედეგადაც ინგლისურ ენაში ძალიან ბევრია სკანდინავიური ნასესხობა.

როგორც ხედავთ, ენის ისტორია განუყოფელია ერის ისტორიისაგან და ენის ლექსიკა ჟამთააღმწერლის სიზუსტით ასახავს ერის ისტორიულ პერიპეტიებს.

ახლა, ვგონებ, გასაგები უნდა იყოს რატომ არის ქართულ ენაში სპარსული, არაბული და თურქული ნასესხები სიტყვები. ასევე გასაგები უნდა იყოს, რატომ შემოვიდა ამდენი სიტყვა ქართულში რუსული ენიდან, როდესაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ორენოვანი იყო ორი საუკუნის განმავლობაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ენიდან ქართულში ბევრი ინდოევროპული ძირის სიტყვა შემოვიდა, რადგან რუსული ენა, ერთი მხრივ ინდოევროპული ენაა (ისევე როგორც ინგლისური, გერმანული, ფრანგული და ბევრი სხვა ენა), და მასში არის ინდოევროპული წარმოშობის სიტყვები, მეორე მხრივ, რუსულ ენაში, ფრანგული ენის გავლენით, ბევრი ფრანგული სიტყვა შევიდა, რომელთა დიდი ნაწილი ლათინური ძირისაა. ამდენად, რუსული ენიდან ქართულში ბევრი ინდოევროპული სიტყვა შემოვიდა, რომელთა დიდი ნაწილი ლათინური ძირისაა.

ნასესხობა ენისა და ერის ისტორიითაა განპირობებული და სიტყვების ეტიმოლოგიაში აისახება.

უნდა გვრცხვენოდეს დღეს იმის, რომ ქართული სიტყვების ნაწილი არაბული, სპარსული, თურქული ან რუსული წარმოშობისაა? არავითარ შემთხვევაში!!!

ეს სიტყვები ქართული ლექსიკის ნაწილია, მათი ისტორია კი ასახულია ამ სიტყვების ეტიმოლოგიაში.

ამდენად, ფანჯარა ქართული ლექსიკის განუყოფელი ნაწილია, რაც შეეხება მის ეტიმოლოგიას, იგი ნასესხებია სპარსულიდან!

რა არის უცხო სიტყვა და როდის დგება მისი ენაში შემოტანის საჭიროება?

უცხო სიტყვების ენაში შემოტანის საკითხი დგება მაშინ, როდესაც იქმნება ახალი ცნება, იქმნება ახალი ცოდნა, რასაც ახალი სიტყვის შექმნა მოსდევს. მაგ. შეიქმნა ინტერნეტი და გაჩნდა სიტყვა – Internet, შეიქმნა კომპიუტერი და გაჩნდა სიტყვა – Computer, უფრო ადრე გაჩნდა ტელევიზორი, ტელეფონი, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ამ შემთხვევაში ენას ორი არჩევანი აქვს: იგი ამგვარი ახალი ცნებებისათვის ქმნის მშობლიურ სიტყვებს საკუთარი ენის რესურსებით, ან სიტყვა შემოაქვს ენაში როგორც უცხო სიტყვა.

ბევრი ენა ირჩევს პირველ გზას, მაგალითად ფრანგული, მაგალითად ჩეხური, მაგალითად ირლანდიური და სხვა, რომ აღარაფერი ვთქვათ რიგ აღმოსავლურ ენებზე. ამ ენებში არ არსებობს სიტყვები: კომპიუტერი, ტელევიზორი, პრეზიდენტი და სხვა, ამ ცნებებისათვის მათ საკუთარი, მშობლიური სიტყვები აქვთ შექმნილი მშობლიური ენის რესურსებით.

ქართული ენა საკმაოდ ღიაა ამ თვალსაზრისით, იგი იღებს ასეთ უცხო სიტყვებს, თუმცა წარსულში არაერთი მშვენიერი ქართული სიტყვაც შექმნილა ახალი ცნებების აღსანიშნავად.

ახლა კი ვნახოთ რა არის ბარბარიზმი!

ბარბარიზმი არის საჭიროების გარეშე ენაში შემოტანილი უცხო ენის სიტყვა,  რომელსაც აქვს შესატყვისი მშობლიურ ენაში (ხშირად რამდენიმე შესატყვისიც) და რომლის ასიმილაცია ენაში არ ხდება. მავანი იტყვის, „დააცადეთ ბატონო და დროთა განმავლობაში ასიმილირდებაო“.

ალბათ დამეთანხმებით, რომ რამდენ მაღაზიასა და სახელოსნოსაც არ უნდა ეწეროს ელიავას ბაზრობაზე „რაზვალი“ (ქართულად – ნახარი), „ხადავიკი“ (ქართულად – სავალი ნაწილი), „დვორნიკი“ (ქართულად – მინასაწმენდი), „პრაკლადკა“ (ქართულად – შუასადები) და მსგავსი მარგალიტები, ის ქართული ენის ნაწილი ვერასოდეს გახდება და ასოცირდება გაუნათლებელ, მდაბიურ მეტყველებასთან. ასევე ვერ გახდა ქართული ენის ნაწილი „პლასკაგუფცი“ (ბრტყელტუჩა), „ატვიორტკა“ (სახრახნისი), სტოლი, შკაფი და სხვა.

სწორედ ამიტომ არ არის საჭირო ენაში დავამკვიდროთ რესეფშენი, როდესაც გვაქვს მშობლიური სიტყვა – მიმღები, კოპროდუქტი, როდესაც არსებობს – ერთობლივი ნაწარმოები, კოავტორი – თანაავტორის ნაცვლად, ინსპირაცია – შთაგონების ნაცვლად, რითრითი – გასვლითი შეხვედრის ნაცვლად, ენუალ რეპორტი – წლიური ანგარიშის ნაცვლად, ფეშენ უიკი – მოდის კვირეულის ნაცვლად, ბაიერი – შემსყიდველის ნაცვლად, აროგანტული – ქედმაღლურის ნაცვლად, მასკულინური ვორდინგი – მამაკაცური მეტყველების ნაცვლად, ურგენტული – სასწრაფოს / გადაუდებელის ნაცვლად, ობზერვაცია – დაკვირვების ნაცვლად,  კონტრიბუცია – წვლილის ნაცვლად, პანელი – სპეციალისტების ჯგუფის ნაცვლად,  ლოკაცია – ადგილის ნაცვლად და მრავალი სხვა.

ინგლისურენოვანი ბარბარიზმები ზვავად იქცა, რომელიც თავის გზაზე წალეკვით ემუქრება ასობით ქართულ სიტყვას.

იქნებ მაინც მივუშვათ ენა და დაე თვითონ გადაწყვიტოს, რას შეიწოვს და დაიტოვებს და რას უკუაგდებს?

ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში და იმ მიზეზების გათვალისწინებით, რაც იწვევს ენაში ბარბარიზმების მომრავლებას, ეს პროცესი უნდა გავაკონტროლოთ.

ბარბარიზმების ენაში მოზღვავების მიზეზების შესახებ ჩემს ანალიზს ცალკე სტატიით შემოგთავაზებთ.

ახლა რაც შეეხება პირად სივრცესა და საჯარო სივრცეს.

პირად სივრცეში, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ვინ როგორ ილაპარაკებს, ეს მისი პირადი საქმეა. რაც შეეხება საჯარო სივრცეს, მედიას, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების მეტყველებას, ნურავის ნუ ეწყინება, მაგრამ ამ სივრცეში ყველა ვალდებულია გამართული ლიტერატურული ქართულით იმეტყველოს. საკუთარ ოჯახში შეიძლება ჟურნალისტმა ჰკითხოს მეგობარს „ამ კოპროდუქტისთვის ინსპირაცია რამ მოგცაო“, ან „კოპროდუქტისთვის ლოკაცია როგორ შეარჩიეო“, ეს მისი ოჯახია, მისი სივრცეა და ნებაც მისია როგორი ქართულით ისაუბრებს. საჯარო სივრცეში კი ასეთი ქართულით მეტყველება დაუშვებელია! ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს და პატივი სცეს მშობლიურ ენასაც და ქართულ საზოგადოებასაც, რომელსაც ეს არ მოსწონს.

ასევე მინდა ყველას შევახსენო, რომ ენის უმთავრესი ფუნქცია არის საკომუნიკაციო ფუნქცია, ენის საშუალებით ადამიანებმა ერთმანეთს თავისი სათქმელი უნდა გააგებინონ. ჩვენს მოსახლეობას არ ესმის ეს სიტყვები და ფრაზები (მაგ. „მასკულინური ვორდინგი“), ხშირად ინგლისური ენის კარგი მცოდნეებიც კი იბნევიან და ვერ იგებენ ზოგიერთი ბარბარიზმის მნიშვნელობას. ნუ დავუკარგავთ ქართულ ენას საკომუნიკაციო ფუნქციას და ნუ წავართმევთ ქართველ ხალხს ინფორმაციის მიღების უფლებას!

პროფესორი თინათინ მარგალიტაძე

დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მთავარი რედაქტორი

უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი

გაგრძელება იქნება )))))

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.