ამ რამდენიმე დღის წინ თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრის გვერდზე #არაბარბარიზმებს დადებულ ერთ-ერთ ვიდეოს „ფეისბუქის“ ჩვენთვის უცნობი მომხმარებელი გამოეხმაურა შემდეგი ლაკონიური შენიშვნით: «Nino Qitiashvili განცხადება გაკეთდა-სტილისტური ხარვეზი». გვერდის ადმინისტრატორის თხოვნის მიუხედავად, ქალბატონს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, რა მიაჩნია სტილისტურ ხარვეზად ამ გამოთქმაში და არც თავისი (სტილისტურად მისი აზრით უფრო გამართლებული) ვარიანტი არ შემოუთავაზებია. ამდენად შესაძლებლად მივიჩნიეთ ამ საკითხზე საკუთარი აზრის გამოთქმა.
„განცხადება გაკეთდა“ ზმნის ვნებითი გვარის ფორმაა. შესაძლოა, შენიშვნა სწორედ ვნებითი გვარის ხმარებამ გამოიწვია. ვნებითი გვარი ანუ პასივი იმ დროს გამოიყენება, როდესაც წინადადებაში აზრობრივად მთავარი და წინა პლანზე წამოსაწევი არის მოქმედების ობიექტი (ამ შემთხვევაში „განცხადება“). მოქმედების ობიექტის განსაკუთრებულად გამოყოფა იმით მიიღწევა, რომ პასივში მდგომი წინადადების ქვემდებარედ მოქმედების ობიექტია ხოლმე გამოტანილი, თავად ზმნა კი ვნებით გვარში იხმარება („განცხადება გაკეთდა“). ვნებით გვარს საზოგადოდ მაშინ იყენებენ, როდესაც მოქმედების რეალური შემსრულებელი (ჩვენს შემთხვევაში განცხადების გამკეთებელი) ან ცნობილი არ არის, ან რაიმე მოსაზრებიდან გამომდინარე, მისი დასახელება ან არ სურთ, ან საჭიროდ არ მიაჩნიათ. მაგალითად, უკანასკნელი ცნობების გამოშვებაში ხშირად შეიძლება გავიგონოთ დაახლოებით შემდეგნაირი ფრაზა: „ამ თემაზე ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროში“. მთავარი აქ თავად განცხადება, მისი შინაარსი და საგარეო საქმეთა სამინისტროა. ეს განცხადება კი, როგორც ასეთი, შეიძლება ვინმე ნაკლებად მნიშვნელოვან პრეს-სპიკერს ან სამინისტროს რიგით თანამშრომელს წაეკითხა ჟურნალისტებისთვის და ტელერეპორტიორებისთვის და მისი ვინაობა შეიძლება არც ჟურნალისტებისთვის არ იყოს ცნობილი, და არც პრეს-კონფერენციაზე არ ყოფილიყო დასახელებული.
კომენტირებულ ვიდეორგოლშიც ასეთივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე: დიქტორის ხმა კითხულობს: „გასულ კვირას, ჩვენი თანამშრომლების გასვლით სამუშაო შეხვედრაზე წლიური ანგარიშის განხილვისას, რამდენიმე საგულისხმო საკითხი გამოიკვეთა და განცხადება გაკეთდა ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ“. აქაც დასახელებული არ არის მოქმედების კონკრეტული შემსრულებელი, ანუ აღნიშნული არ არის, ვინ იყო განცხადების ავტორი. აზრობრივად მნიშვნელოვნად მიჩნეულია და წინა პლანზეა გამოტანილი „გამოკვეთილი საგულისხმო საკითხები“ (გამოკვეთილი, სავარაუდოდ, კოლექტიური განხილვისა და მსჯელობის პროცესში) და „განცხადებები“, ხოლო ფაქტობრივი მოქმედი პირები არც ცნობილი არ ჩანს, და არც მათი დასახელება არ არის საჭიროდ მიჩნეული. ამ ტიპის იმპერსონალურ წინადადებას მოქმედებით გვარში ვერაფრით ვერ გადავიყვანთ. (განსაკუთრებით ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მოქმედებით გვარში გადმოიცეს აზრი ფრაზისა „[...] რამდენიმე საგულისხმო საკითხი გამოიკვეთა“).
მოკლედ აღვნიშნავდით, რომ მოქმედებით გვარშიც „განცხადება გააკეთა“ ან, ვთქვათ, „ცვლილება განახორციელა“ ყოველთვის ვერ ჩანაცვლდება „მარტივი“ ზმნით ტიპისა „განაცხადა“ ან „შეცვალა“. მაგალითად წინადადება „ბიზნესმენმა მოულოდნელი, სენსაციური და სკანდალური განცხადება გააკეთა“ ვერ გარდაიქმნება იმგვარად, რომ „განცხადების გაკეთების“ ნაცვლად „განაცხადა“ ვთქვათ. თანაც „განაცხადა“ ყოველთვის მოითხოვს ობიექტს, დამატებას, ანუ იმის დაკონკრეტებას, თუ რა განაცხადა მავანმა, მაშინ როდესაც „განცხადება გააკეთა“ თვითკმარი, აზრობრივად დასრულებული ფრაზაა და რაიმე დამატებით ინფორმაციას არ საჭიროებს. ასევე, წინადადება „მინისტრმა თავისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი არაერთი რადიკალური ცვლილება განახორციელა“ ვერაფრით ვერ შეიცვლება წინადადებით, რომელშიც შემასმენელი „შეცვალა“ იქნება („მნიშვნელოვნად და აუცილებლად რადიკალურად შეცვალა ბევრი რამ“ კომიკურად ჟღერს, იმედია ამგვარი „ტრადიციული“ და „სტილისტურად უხარვეზო“ კონსტრუქციების აგებას არავინ ეცდება). ზოგადად, ენებში (აქ მარტოოდენ ქართულს არ ვგულისხმობთ) ანალიზური კონსტრუქციების გაჩენას სწორედ ამგვარი რთული აზრობრივი ნიუანსების გადმოცემის აუცილებლობა იწვევს, სხვათა შორის.
ამ მაგალითებიდან კარგად ჩანს, რომ ანალიზური კონსტრუქცია „ცვლილება განახორციელა“ და მისთ. სინტაქსურად უფრო „ღია“ და მოქნილია და ატრიბუტების დამატების საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება გარკვეულ კონტექსტებში აზრობრივად აბსოლუტურად აუცილებელი იყოს, მაშინ როდესაც „შეცვალა“ და „განაცხადა“ ტიპის მარტივი შემასმენლების შემცველ წინადადებებში ამგვარ ატრიბუტებს ვერ ჩავრთავთ.
ზოგადად, ვნებითი გვარი ქართულ ენაში ყოველთვის არსებობდა და ძნელი სათქმელია, რატომ უნდა ითვლებოდეს მისი ხმარება სტილისტურად არასასურველად. კიდევაც რომ დავუშვათ, რომ ასი ან ორასი წლის წინ ქართულში ნაკლებად ხშირი იყო იმპერსონალური წინადადებებისა და ვნებითი გვარის ხმარება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მათი გამოყენება რაიმე სახის „სტილისტურ ხარვეზად“ ან შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს. ბარბარიზმებთან ბრძოლაც არ ნიშნავს ენაში ყოველი სახის სიახლესთან ბრძოლას, იქნება ეს სინტაქსური, ლექსიკური თუ სხვა სახის სიახლე. ენა ხომ ჩვენს ცხოვრებასთან და საზოგადოებასთან ერთად ვითარდება და მას სულ ახალ-ახალი რეალიებისა და საგანთა და მოვლენათა სინტაქსურ, გრამატიკულ და დროით ურთიერთმიმართებათა ენობრივად ასახვა უხდება. მიუღებელია „აროგანტულის“ („ქედმაღლის“ ან „ქედმაღლურის“ ნაცვლად), „ურგენტულის“ („საჩქაროს“, „გადაუდებლის“ ნაცვლად) და, ვთქვათ „მისინტერპრეტაციის“ („არასწორი ინტერპრეტაციის“ ნაცვლად) ხმარება, თორემ ვნებითი გვარის, იმპერსონალური წინადადებების ან რთული ანალიზური კონსტრუქციების (მაგ. „გაკეთებული მაქვს“, „ნამყოფი ვარ“, „უკვე დამთავრებული მქონდა“ ტიპისა) გამოყენება დაუშვებლად სულაც არ უნდა ჩაითვალოს.
P.S. ეს სტატია უკვე დაწერილი იყო, როდესაც აღნიშნულ ვიდეოს ქვეშ გაჩნდა კიდევ ერთი კომენტარი, ამჯერად სხვა მომხმარებლისა: Kira Benashvili Swori versiaa «ganacxades» ვფიქრობთ, ქალბატონი კირას შენიშვნას უკვე გავეცით პასუხი.
ავტორი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი თარიღი: 15 თებერვალი, 2017 16:18
|