ჩემი აზრით, რამდენადმე უცნაური დავა გაიმართა სიტყვის puzzle, თავსატეხი, „ფაზლი“ შესახებ. ძალზე მოკლედ შევეხები მხოლოდ იმ მომენტებს, რომლებიც, ვფიქრობ, გარკვეულ განმარტებას საჭიროებს.
უპირველეს ყოვლისა, „თავსატეხი“ ქართული სიტყვაა, შეტანილია არნ. ჩიქობავას „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ და აგრეთვე „ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში“ და იგი „ვიკიპედიიდან“ არავის გადმოუტანია. სხვა საქმეა, რა კავშირი აქვს მას რუსულ головоломка-სთან და იყო თუ არა იგი თავის დროზე კალკირებული ამ რუსული სიტყვიდან.
ინგლისური puzzle კი ნამდვილად სათამაშო „თავსატეხია“, იქნება ეს რებუსი (pictorial puzzle), ე.წ. „სუდოკუ“ თუ კროსვორდი (crossword puzzle). თავისი ძირითადი და თავდაპირველი მნიშვნელობით ეს სიტყვა „რთულ პრობლემას“, „გამოცანას“, „თავსატეხს“ ნიშნავს. აქედან წარმოებული სიტყვა puzzled „დაბნეულის“, „თავგზააბნეულის“, „განცვიფრებულის“ და მისთ. მნიშვნელობით იხმარება
ძირითადი გაუგებრობა აქ იმ უწყინარი საბავშვო სათამაშოთია გამოწვეული, რომელიც „ბევრ ფრაგმენტად დაშლილი გამოსახულების აწყობას“ უკავშირდება. საქმე ის არის, რომ რასაც ჩვენთან „ფაზლს“ ან ზოგჯერ „ფაზელს“ უწოდებენ, არის „თავსატეხის“ თავისებური სახეობა, რომელსაც ინგლისურად სრულად jigsaw puzzle ან უბრალოდ jigsaw ეწოდება.
არ შევეხები საკითხს, რამდენად გამართლებულია ამ „მოზაიკური ასაწყობი თავსატეხისთვის“ (როგორც მას ინტერნეტში ხშირად იხსენიებენ) „ფაზლის“ ან „ფაზელის“ წოდება. მოკლედ ვიტყვი, რას ვფიქრობ ამ დისკუსიაში გამოთქმული მოსაზრების თაობაზე, რომლის მიხედვითაც „ფაზლი“ თითქოსდა „საკუთარი სახელია“ და ამდენად მისი თარგმნა გამართლებული არ არის.
ეკონომიკასა და საპატენტო სამართალში „საკუთარი სახელი“, უფრო სწორად საფირმო სახელწოდება ნიშნავს ამა თუ იმ კომპანიის, ნაწარმისა თუ საქონლის ოფიციალურად დარეგისტირებულ დასახელებას, რომლის გამოყენების უფლებაც ამ კომპანიის ან პროდუქტის ოფიციალური მფლობლის გარდა, არავის არა აქვს. ამგვარი სახელწოდებების ოფიციალურად რეგისტრირება, მიკუთვნება და გამოყენება საპატენტო სამართლით რეგულირდება. საფირმო სახელწოდებები ინგლისურად მთავრული ასოებით იწერება და იმის აღსანიშნავად, რომ ეს სწორედ საფირმო სახელწოდებაა, ასეთ სიტყვებს, სასწავლო ლექსიკონებშიც კი, სავალდებულო წესით ერთვით აღნიშვნა TM (trademark – „სავაჭრო მარკა“, „საფირმო ნიშანი“). ასე მაგალითად: McDonald’s™, Nike™, Big Mac™, Pepsi-ColaTM, Kevlar™ და სხვ. ამგვარი აღნიშვნის გარეშე ამ სახელწოდებათა მოყვანა ლექსიკონში თუ საგაზეთო სტატიაში შეიძლება საპატენტო უფლების დარღვევად ჩაითვალოს და სამართლებრივი თუ ფინანსური სანქციებიც გამოიწვიოს.
სამაგიდო თამაშებს რაც შეეხება, ზუსტად ზემომოყვანილთა ანალოგიური საფირმო სახელწოდებაა, მაგალითად, „ლეგო“ (Lego™). ეს სწორედაც რომ საკუთარი სახელია, კერძოდ, დანიურ კომპანია Lego A/S-ის საკუთრებაში მყოფი საფირმო სახელწოდება და მისი „თარგმნა“ ან „გაქართულება“ თავში არავის მოუვა.
სულ სხვაგვარადა გვაქვს საქმე სიტყვის puzzle ან jigsaw puzzle შემთხვევაში. არც ერთი მათგანი არაა დარეგისტირებული როგორც საფირმო სახელწოდება. ესაა ტიპური გვარეობითი, ე.წ. „გენერიკული“, ანუ არასამარკო პროდუქტი, რომლის არც სახელწოდებაზე და არც დიზაინსა თუ ჩანაფიქრზე საპატენტო სამართლის ნორმები არ ვრცელდება. ლინგვისტურად კი სიტყვა (jigsaw) puzzle ზოგადი ლექსიკის სიტყვაა და არანაირი კრიტერიუმით არ შეიძლება ჩაითვალოს საკუთარ სახელად, რომლის თარგმნაც გაუმართლებელი იქნებოდა. ამ ეტაპზე მისთვის უთარგმნელად, ტრანსლიტერაციით „ფაზლის“ წოდება დაახლოებით იმის ტოლფასია, ვინმემ „სახლი“ „ჰაუსად“ (house) ან „ყვავილი“ „ფლაუერად“ (flower) რომ მოიხსენიოს. დაბალი რეგისტრის, „საყველპურო“ ქართულიდან „ფაზელმა“ შორეულ მომავალში შეიძლება ლიტერატურულ ქართულშიც გადაინაცვლოს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გვაიძულებს, წიგნიერ და ლიტერატურულ მეტყველებაში ვაჭრობის მუშაკთა პროფესიული ჟარგონი დავამკვიდროთ და jigsaw puzzle-ის აღსანიშნავად „ფაზლი“ ან „ფაზელი“ ვიხმაროთ „მოზაიკური ასაწყობი თავსატეხის“ ან უბრალოდ „ასაწყობი თავსატეხის“ ნაცვლად.
ვფიქრობ, ზემოთქმული საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ „ფაზლი“ საკუთარი სახელი ვერ იქნება. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისა და ახსნა-განმარტებისთვის საპატენტო სამართლის, მართლმეტყველების, სწორი სიტყვა-პასუხისა და ნებისმიერი სხვა აქტუალური და საჭირბოროტო საკითხის თაობაზე კი მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ თსუ V კორპუსში (ჭავჭავაძის გამზირი №36), 302-ე ოთახში. სამუშაო დღეებში დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე.
გიორგი მელაძე
თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრის რედაქტორი.
ავტორი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი თარიღი: 28 თებერვალი, 2017 15:11
|