Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი www.margaliti.ge

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
Language
ქართული English

ბლოგზე ავტორიზაცია
შესვლა

რ ი თ რ ი თ ი (R E T R E A T)

ყველა სიტყვას ენაში დიდი და საინტერესო ისტორია აქვს, მხოლოდ ეს ისტორია მოცემული ენის შინაგანი ლოგიკით, აზრის გადმოცემის მისეული მანერით ყალიბდება.

ერთი ასეთი სიტყვაა ინგლისური – retreat.

აღნიშნული სიტყვა ინგლისურ ენაში გაჩნდა მე-14 საუკუნის ბოლოს, პირველი მაგალითი მისი გამოყენებისა დიდი ოქსფორდის ლექსიკონში თარიღდება 1375 წლით, ხოლო მნიშვნელობა არის სამხედრო:

1. უკან დახევა, უკან დაწევა, უკუქცევა.

მოგვიანებით სიტყვას გაუჩნდა გადატანითი მნიშვნელობა:

2. უკან დახევა (საფრთხის დროს, სიძნელეების წინაშე და სხვა).

აქ არ დასრულებულა ამ ინგლისური სიტყვის მნიშვნელობის განვითარება, მოგვიანებით მას უჩნდება მნიშვნელობა:

3. მყუდრო / უსაფრთხო ადგილას განმარტოება (1475 წელი), შემდეგ კი:

4. განმარტოება, საზოგადოებისგან გაქცევა, საკუთარ თავში ჩაკეტვა (1646 წელი).

ამ მნიშვნელობებს ბუნებრივად მოჰყვა აღნიშნული სიტყვის კიდევ ერთი გადატანითი მნიშვნელობა:

5. მყუდრო მოსასვენებელი ადგილი / კუთხე; მყუდრო თავშესაფარი (სადაც ადამინები მიდიან დასასვენებლად, სალოცავად, მედიტაციისათვის და სხვა).

მე-17 საუკუნეში ვითარდება მნიშვნელობა:

6. დასასვენებელი სახლი, კურორტი, სანატორიუმი.

საინტერესოა, რომ მე-18 საუკუნეში retreat იძენს შემდეგ მნიშვნელობას: An establishment to which insane persons or habitual inebriates are admitted in order that they may be under proper supervision or control –

7. დაწესებულება სულით ავადმყოფთა და ლოთების სამკურნალოდ და გასაჯანსაღებლად.

როგორც ხედავთ, სიტყვის მნიშვნელობა ვითარდება, ჩნდება ახალი გადატანითი მნიშვნელობები, მაგრამ ეს პროცესი მიჰყვება ენის ლოგიკას: ჯარის უკუქცევა; საფრთხის წინაშე უკან დახევა; უსაფრთხო ადგილას აღმოჩენა; მყუდრო / უსაფრთხო ადგილი, მყუდრო თავშესაფარი და ა.შ.

ამ სიტყვას ყველა ამ მნიშვნელობით აღიქვამს ინგლისურენოვანი ადამიანი, რადგან მისთვის ბუნებრივია სიტყვის განვითარების ლოგიკა და, როგორც ენის მატარებელს, ეს ლოგიკა კარგად ესმის.

რას გვაძლევს ჩვენ რითრითის შემოტანა ქართულ ენაში?

არც არაფერს!

ამიტომ, რომელიმე კურორტისთვის რითრითის დარქმევას აჯობებს მას დაარქვან რაიმე კარგი სახელი და დააზუსტონ ეს დასასვენებელი სახლია, მყუდრო ადგილია განმარტოებისათვის, კურორტია, გამაჯანსაღებელი კომპლექსია თუ რა?

ნებისმიერ შემთხვევაში, რითრითს თუ დაარქმევენ, ვრცელი ახსნა-განმარტება დასჭირდება იმას, ეს რითრითი იჭმება თუ ისმება.

სტატიის ავტორია:  თინათინ მარგალიტაძე

კომენტარები დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარები არ არის

დატოვეთ თქვენი კომენტარი

კომენტარის დატოვებისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.