(ფიქრები გოთურ-ქართული ლექსიკონის რედაქტირებისას)
ლექსიკოგრაფია მეცნიერება რომ არის, ხოლო ლექსიკონზე მუშაობა სამეცნიერო საქმიანობა, ეს პირადი გამოცდილებით ვიცი და არა გადმოცემით, ან სხვათა ნაწერებიდან. ეს პირადი გამოცდილება კი სამ ათეულ წელზე მეტ დროს მოიცავს. სიტყვის მნიშვნელობის აღწერა ურთულესი სამეცნიერო საქმიანობაა, რადგან ლექსიკოგრაფს ხელთ აქვს სიტყვის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების შემთხვევები, ეს კი არ არის მნიშვნელობა. სიტყვის მნიშვნელობის დადგენა ენის სისტემურ დონეზე ბევრი კონტექსტის გააანალიზებას მოითხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლექსიკოგრაფმა გაიაზროს სიტყვის მნიშვნელობა ან მნიშვნელობები, პოლისემიის შემთხვევაში, და აღწეროს იგი სალექსიკონო სიტყვა-სტატიაში. მრავალი წლის წინ მე და გიორგი მელაძემ, ჯერ კიდევ ინტუიციის დონეზე, გავმიჯნეთ სიტყვის მნიშვნელობის ეკვივალენტი და კონტექსტუალური ეკვივალენტი. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებამდე სხვა ლექსიკოგრაფებიც მისულან სხვა ენებზე მუშაობის პროცესში. ეკვივალენტობის პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს ჩვენს ლექსიკონში მივუძღვენით მე და გიორგიმ მოხსენება ჩვენ მიერ ჩატარებულ იურალექსის მე-17 საერთაშორისო კონგრესზე.
გოთური ენა და ძველი ინგლისური ჩემი და გიორგის განსაკუთრებული სიყვარულის და ინტერესის ობიექტი რომ არის, ეს ყველამ იცის, ვინც ჩვენ გვიცნობს. ორიოდე წლის წინ, სოციალური ქსელის მეშვეობით, ამ საქმეზე უზომოდ შეყვარებული თანამოაზრე აღმოვაჩინეთ მალხაზ აბულაძის სახით და აი, ასე დაიბადა გოთურ-ქართული და ანგლოსაქსურ-ქართული გლოსარიუმის შექმნის იდეა ონლაინ-ქრესტომათიისათვის, რომელშიც შევიდა ნაწყვეტები გოთური და ანგლოსაქსური წერილობითი ძეგლებიდან.
მალხაზ აბულაძე დიდი ენთუზიაზმით შეუდგა გლოსარიუმის შედგენის საქმეს და უკვე დაასრულა კიდეც. ამჟამად მე და გიორგი მათ რედაქციაზე ვმუშაობთ: მე – გოთურ-ქართულზე, გიორგი კი – ანგლოსაქსურ-ქართულზე.
გოთურ-ქართული ლექსიკონის რედაქციამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ლექსიკონში სიტყვის მნიშვნელობის აღწერას პროფესიონალი ლექსიკოგრაფი სჭირდება. მალხაზს, ძალიან ნიჭიერ ადამიანს, რომელმაც თვითონ ისწავლა გოთური და ანგლოსაქსური და საოცრად იცის ეს ენები, შესანიშნავად გრძნობს ეტიმოლოგიებს და მონათესავე ფორმებს სხვადასხვა გერმანიკულ და ინდო-ევროპულ ენებში, უჭირს მნიშვნელობის გამიჯვნა ენის სისტემურ დონეზე და კონტექსტის დონეზე.
ალბათ, ეს კონკრეტულ მაგალითზე უფრო კარგად გამოჩნდება.
მალხაზის ვერსია
gafulljan სსტ. ზმნ. (1) 1. ავსება (აავსებს), გავსება; 2. სულით წმიდით აღვსება (აღივსება); 3. გაჟღინთვა (გაჟღინთავს)
რა არის აქ შეცდომა? განხილული ზმნა ნიშნავს ავსებას, ეს არის მისი მნიშვნელობა სისტემურ დონეზე. სულიწმიდით აღვსება ამ ზმნის კონტექსტუალური მნიშვნელობაა. სული წმიდით აღვსება არის არა gafulljan, არამედ ahmins weihis gafulljada (სულიწმიდით აღივსება). ზუსტად ასევე, gafulljan არის არა გაჟღენთა, არამედ ავსება, მაგრამ კონტექსტში ღრუბელთან და ძმართან იგი იძენს ამ კონტექსტუალურ მნიშვნელობას.
თინას ვერსია
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვადგენთ გლოსარიუმს ქრესტომათიაში შეტანილი ტექსტებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ღრუბელის ძმრით გაჟღენთა არის ჩვენი ქრესტომათიის ერთ-ერთ ტექსტში, კერძოდ მარკოზის სახარება, თავი 15 : 36, ავსების გარდა, ამ ზმნას დავუტოვე მნიშვნელობა – გაჟღენთა.
(I ვერსია ქრესტომათიის გლოსარიუმისათვის)
gafulljan სსტ. ზმნ. (1) 1. ავსება (აავსებს), გავსება; 2. გაჟღენთა (გაჟღენთს)
მაგრამ, მე რომ ვადგენდე გოთურ-ქართულ ლექსიკონს, ამ შემთხვევაში მე ამ ზმნას დავუწერდი მხოლოდ ერთ მნიშვნელობას – ავსება და მივუთითებდი სამივე მაგალითს ქართული თარგმანითურთ, სადაც კონტექსტუალური ეკვივალენტები გვხვდება – სულიწმიდით აღვსება და გაჟღენთა.
(II ვერსია გოთურ-ქართული ლექსიკონისათვის)
gafulljan სსტ. ზმნ. (1) ავსება (აავსებს), გავსება;
jah bandwidedun gamanam þoei wesun in anþaramma skipa, ei atiddjedeina hilpan ize. jah qemun jah gafullidedun ba þo skipa, swe sugqun.
ანიშნეს მეორე ნავში მყოფ მეგობრებს, მოგვეშველეთო; ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, რომ ლამის ჩაიძირნენ;
wairþiþ auk mikils in andwairþja fraujins jah wein jah leiþu ni drigkid jah ahmins weihis gafulljada nauhþan in wambai aiþeins seinaizos
ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე.
þragjands þan ains jah gafulljands swam akeitis …
ერთი კი გაიქცა, ძმრით გაჟღენთა ღრუბელი …
კიდევ ერთი მაგალითი:
რედაქტირებამდე:
gabindan ძლ. ზმნ. (3) 1. შებოჭვა (შებოჭავს); გათოკვა; შეკვრა; 2. ჯაჭვის ბორკილების დადება (დაადებს); ჯაჭვის ბორკილებით დაბმა; 3. დაბმა (დააბამს)
რედაქტირების შემდეგ:
gabindan ძლ. ზმნ. (3) შეკვრა (შეკრავს); დაბმა; შებოჭვა
ლექსიკოგრაფიის სამეცნიერო ასპექტებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს ახლახან გამოქვეყნებულ სტატიას.
ავტორი: Tinatin Margalitadze თარიღი: 25 თებერვალი, 2019 14:54
|