თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ივსება უცხო ენიდან ტრანსლიტერაციის გზით შემოსული ტერმინებით და რომ საქართველოში თითქმის მთლიანად შეჩერებულია ტერმინოლოგიური მუშაობა: ტრანზიციული მუტაცია, რეციპროკული ტრანსლოკაცია, დელეცია, რეპარაცია, პრეციპიტაცია, დესკტოპი, სკროლინგი, ინკურაბელური, ურგენტული, რეზიდუალური სტრესის პატერნი და სხვა.
ამ ვითარების გამოსწორებას ისახავს მიზნად კონკურსი „შექმენი შენი ტერმინი“, რომელიც გამიზნულია როგორც სკოლის მოსწავლეებისათვის (VII – XII კლასები), ისე სტუდენტებისათვის და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის.
კონკურსზე დარეგისტრირებული პირებისათვის ჩატარდება ლექციები ტერმინოლოგიის, განსაკუთრებით თანამედროვე ტერმინოლოგიის საკითხებზე, მოეწყობა მასტერკლასები ტერმინოლოგიურ სიტყვათწარმოებაზე, ტერმინშემოქ-მედების მეთოდებზე და სხვა. კონკურსანტებს გადაეცემათ ტერმინები, რომლებიც მათ უნდა შეისწავლონ და საკონკურსო ჟიურის შესთავაზონ ტერმინთა მარჯვე ქართული ეკვივალენტები. კონკურსანტებს თავადაც შეუძლიათ ტერმინების შერჩევა. კონკურსანტებმა უნდა დაწერონ მცირე ესეი, რომელშიც აღწერენ ტერმინს და დაასაბუთებენ მათ მიერ შერჩეული ქართული ეკვივალენტის მართებულობას. გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან ქართული ენის დღეს, ხოლო გამარჯვებული ტერმინები შევა ლექსიკონებში და ასე დამკვიდრდება დარგში. ლექსიკონების ბლოგებზე გამოქვეყნდება ყველა ქართული ტერმინის ავტორის გვარი.
კონკურსისთვის ყოველწლიურად შეირჩევა რამდენიმე პრიორიტეტული დარგი. აღნიშნული დარგებისთვის შეიქმნება ექსპერტთა საბჭოები, რომლებშიც მოწვეულ იქნებიან დარგის ცნობილი წარმომადგენლები. ტერმინოლოგიის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ქართული ტერმინი მოიწონონ დარგის ცნობილმა წარმომადგენლებმა, ეს ხელს შეუწყობს ტერმინის დამკვიდრებას და პოპულარიზაციას. წლევანდელი კონკურსის პრიორიტეტული დარგებია: მედიცინა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები, პერსონალის მართვა.
წელს, კონკურსის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: HR პროფესიონალთა გილდია (HRPG), ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაცია (არეა, NAHR), კავკასიის უნივერსიტეტი (CU), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU).
კონკურსის საორგანიზაციო საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართული ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
კონკურსზე დარეგისტრირებისათვის გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი; სკოლა, უნივერსიტეტი ან სამუშაო ადგილი; ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი. ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: terminology@dictionary.ge
კონკურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე. კონკურსზე დარეგისტრირებულ პირებს კონკურსის მსვლელობის ეტაპებს დამატებით შევატყობინებთ.