თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ აცხადებს კონკურსს
„დააბრუნე ენაში შენი სიტყვა“
უკიდურესადაა გაღარიბებული თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების ლექსიკა. სამწუხაროდ, ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ შეუძლებელია ესა თუ ის ცნება ქართული სიტყვით გადმოიცეს და უცხოენოვანი ბარბარიზმების გამოყენებას არჩევენ.
აღნიშნული კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისთვისაა დაგეგმილი და მიზნად ისახავს ქართული ენის ლექსიკური სიმდიდრისა და მრავალფეროვნების წარმოჩენას ქართველი ახალგაზრდებისათვის.
კონკურსზე დარეგისტრირებული ახალგაზრდებისათვის ჩატარდება ლექციები ქართული ენის ლექსიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, განხილულ იქნება სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“ და სხვა წყაროები, რომლებშიც კარგად ჩანს ქართული ენის ლექსიკური სიმდიდრე და ქართულ ენაში ლექსიკალიზებული ცნებების მრავალფეროვნება.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა მოიძიონ ერთი სიტყვა, რომელიც გახდება მათი კანდიდატი ენაში დასაბრუნებლად ან გასააქტიურებლად. ამისათვის, გარდა ლექსიკოგრაფიული წყაროებისა, მათ უნდა იკითხონ ქართველი მწერლების ნაწარმოებები. შერჩეულ სიტყვაზე კონკურსანტმა უნდა დაწეროს პატარა ესეი იმის შესახებ, თუ სად მოიძია მან სიტყვა, რას გამოხატავს ეს სიტყვა, რატომ მიაჩნია მას მიზანშეწონილად აღნიშნული სიტყვის ენაში დაბრუნება და სხვა.
მაგ. ქართულ ენაში დამკვიდრებულ უცხო სიტყვას „ავტოკეფალია“ აქვს ქართული შესატყვისი „თვითმწყსობა“. ეს სიტყვა „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ შეტანილია, როგორც ძველი საეკლესიო ტერმინი. ეს სიტყვა არის ჩვენი ერთ-ერთი კანდიდატი ენაში დასაბრუნებლად. თვითმწყსობა ავტოკეფალიასთან ერთად შეტანილია ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში, როგორც ეკვივალენტი სიტყვისა – autocephaly.
კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები ქართული ენის დღეს დაჯილდოვდებიან, გამარჯვებული სიტყვები შევა ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში, ხოლო ჩვენი მოძრაობის გვერდზე და ლექსიკონის ბლოგზე გამოქვეყნდება ესეები ამ სიტყვებზე. აღნიშნული კონკურსისთვის შეიქმნება კომპეტენტური ჟიური, რომელიც განიხილავს კონკურსანტების მიერ შერჩეული სიტყვების ენაში დაბრუნების ან გააქტიურების მიზანშეწონილობას.
კონკურსის შედეგად დაგროვებული მასალა მომავალში გამოქვეყნდება ლექსიკონი-ბროშურის სახით „ქართულ ენაში გაცოცხლებული სიტყვები“. ლექსიკონი პერიოდულად განახლდება და შეივსება ახალი სიტყვებით.
კონკურსის საორგანიზაციო საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართული ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
კონკურსზე დარეგისტრირებისათვის გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი; სკოლა ან უნივერსიტეტი; ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი. ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: word@dictionary.ge
კონკურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე. კონკურსზე დარეგისტრირებულ პირებს კონკურსის მსვლელობის ეტაპებს დამატებით შევატყობინებთ.
ავტორი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი თარიღი: 20 ოქტომბერი, 2019 16:03
|